ბათუმის აეროპორტის გაფართოება მომავალ წელს დასრულდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ახალ გენერალურ დირექტორს ალფ ერ ტუნგა ერსოის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, კორონავირუსის პანდემიის შედეგად ავიაციის სფეროში შექმნილი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა ქართულ მხარესა და TAV Georgia-ს შორის არსებული მჭიდრო თანაშრომლობა.
საუბარი ასევე შეეხო ბათუმის საერთაშორისო აერპორტის გაფართოების პროექტს, რომელშიც TAV Georgia 17 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2021 წელს დასრულდება. გაფართოების შემდგომ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და TAV Georgia-ს გენერალური დირექტორის მოადგილე თეა ზაქარაძე.