ბათუმის აეროპორტი მგზავრთნაკადს იბრუნებს
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი პირველია პანდემიის შემდეგ, სადაც გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა გაიზარდა. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ბათუმის აეროპორტმა მიმდინარე წლის იანვარი-მაისის მონაცემებით, 16%-ით მეტი მგზავრი მიიღო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„ნიშანდობლივია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ამ დროისთვის კვირაში 100-105 ფრენა სრულდება, რაც დაახლოებით იმდენივეა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სრულდებოდა. ეს ძალიან კარგი ნიშანია. ველოდებით, რომ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიც მალე გავლენ იგივე ნიშნულზე, რაც პანდემიამდე ჰქონდათ," - განაცხადა ნათია თურნავამ.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის აეროპორტმა 41%-ით დაიბრუნა მგზავრთნაკადის ის მაჩვენებელი, რომელიც 2019 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ჰქონდა. ივნისის მაჩვენებლებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმავე რაოდენობის ავიარეისები სრულდება, რაც საჰაერო მიმოსვლის კუთხით ყველაზე აქტიურ და მზარდ 2019 წელს ხორციელდებოდა (100-105 სიხშირე კვირაში).