ტურიზმი
20/10/2020

ბაკურიანში ტურისტებს სამი ახალი საბაგირო მოემსახურება

ბაკურიანში სამი ახალი საბაგიროს მშენებლობა დასრულდა.

პროექტი „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით, ავსტრიულ-შვეიცარულმა კომპანია „დოპლმაიერ-გარავენტა ჯგუფმა“ განახორციელა.

„რეკორდულ ვადებში დავასრულეთ ახალი საბაგიროების მშენებლობა დიდველზე. საბაგიროები უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით არის აგებული. საბაგიროები ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ახალი ინფრასტრუქტული პროექტების და ახალი სიცოცხლის, რასაც ვაძლევთ ბაკურიანს. როგორც იცით, 2023 წელს ბაკურიანი ფრი სტაილში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ჩვენ ახალი პროექტებით ვპასუხობთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, 2021 წელს ბაკურიანი უკვე უმასპინძლებს პირველ შეჯიბრს ახალი საბაგიროებისა და ახალი ტრასების მეშვეობით. ეს იქნება პირველი სატესტო ღონისძიება ქროსის დისციპლინაში, სქი ქროსის მსოფლიო თასის ეტაპი.

მინისტრმა ბაკურიანში განხორციელებულ პროექტზებზე ისაუბრა. "აშენდა შემოვლითი გზა, რეაბილიტირდა ახალი გზა მიტარბამდე და კოხტამდე, იგეგმება რეკრეაციული ზონების განახლება. ეს მოგვცემს მეტ შესაძლებლობას, ვუმასპინძლოთ ბაკურიანში მეტ ტურისტს, რა თქმა უნდა უსაფრთხოების ზომისა და წესის დაცვით. გარდა ამისა, მთლიანად საქართველო უკვე დატანილი იქნება მსოფლიო დონის სპორტული შეჯიბრებების რუკაზე“, - თქვა თურნავამ.

თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა.

საბაგიროები არის 6 ადგილიანია. სამივე საბაგიროს გამტარუნარიანობა პირველ ეტაპზე საათში 5 400 მგზავრია, რომლის გაზრდაც ჯამურად 7 200 მგზავრამდე არის შესაძლებელი. ინოვაციური, უახლესი მოდელით შექმნილი საბაგიროები რეგიონში იმითაც გამოირჩევა, რომ მიწისქვეშა ფარეხი გააჩნია.