ავიაციაში დასაქმებულები ვაქცინაციის გეგმაში არ არიან – ვითვალისწინებთ თუ არა IATA-ს რეკომენდაციას
ავიაციაში დასაქმებული პირები COVID-ვაქცინაციის პროცესში ერთ-ერთ პრიორიტეტულ კატეგორიად უნდა იყვნენ მიჩნეულნი, - ასეთია საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) რეკომენდაცია.
რა ხდება საქართველოში, გაითვალისწინა თუ არა ქვეყანამ IATA-ს რეკომენდაცია ამ კითხვით AviaNews-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა. სამინისტროს ოფიციალური წერილის თანახმად, საკითხი აქტიურად განიხილება სხვადასხვა უწყებრივ ფორმატში, თუმცა ამ დროისათვის საბოლოო გადაწყვეტილება არ არსებობს.
“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, დროულად მოხდეს ისეთი სფეროების წარმომადგენლების ვაქცინაცია, როგორიცაა საავიაციო, საზღვაო თუ სახმელეთო ტრანსპორტის სექტორები, საკითხი აქტიურად განიხილება სხვადასხვა უწყებრივ ფორმატში და მივყვებით ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილებებს, რომლის მიხედვით დგინდება და ცხადდება ვაქცინაციის ეტაპები და პრიორიტეტები (უკვე გამოცხადებულია ორი ეტაპი: 2021 წლის 15 მარტიდან – სამედიცინო პერსონალი, ხოლო 25 მარტიდან – 65 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები)”, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ AviaNews-ისთვის გამოგზავნილ წერილში.
შეგახსენებთ, რომ ავიაციაში დასაქმებული პირების COVID-19-ის ვაქცინაციის პროცესში ერთ-ერთ პრიორიტეტულ კატეგორიად ჩასმის რეკომენდაცია IATA-მ ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში გასცა.
იმავდროულად, შესაბამისი რეზოლუცია IATA-ს 76-ე წლიურ შეხვედრაზე ერთხმად იქნება მიღებული.
„ჩვენ არ ვითხოვთ, რომ ავიაციის მუშაკები სიის თავში იყვნენ, მაგრამ მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ მათი ინტერესები მაშინ, როდესაც ვაქცინის დანერგვის გეგმები იქნება შემუშავებული“, – განაცხადა IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე დე ჟუნიაკმა.