ავიაქსელი: ზაფხულის სეზონზე, ავიაბილეთებზე შარშანდელთან შედარებით დაბალი ფასები დაფიქსირდება
„ფრენებზე ისეთი კატასტროფული ფასები, რაც შარშან იყო, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე არ დაფიქსირდება“- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ტურისტული კომპანია „ავიაქსელის“ დირექტორმა, ამირან აბესაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ავიაბილეთების გაძვირება ძირითადად, საწვავის ფასების მატებითა და აეროპორტების მიერ მომსახურების საფასურის ზრდით არის განპირობებული.
„ფასების ზრდა არ არის ავიაკომპანიების დიდი სურვილი და გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით. მათ შორის, საწვავზე ფასების ზრდით. ასევე ზოგიერთ აეროპორტში გაიზარდა მომსახურების საფასური, თუმცა ვვარაუდობ, რომ ის კატასტროფული ფასები, რაც იყო 2022 წელს, არ იქნება მიმდინარე 2023 წლის ზაფხულის სეზონზე. შესაბამისად, ავიაბილეთებზე შედარებით დაბალი ფასები დაფიქსირდება,"-აღნიშნავს ამირან აბესაძე.
მისივე თქმით, მოგზაურობის მსურველთა ნაკადები მზარდია. მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება ახალ მიმართულებებზე, მაგალითად, ისეთზე როგორიცაა მალტა.
„2023 წლის დასაწყისიდანვე ჩვენ დავუბრუნდით იმ მონაცემებს, რაც გვქონდა 2019 წელს. ნაკადი მზარდია, მიმართულებები კი უფრო მრავალფეროვანი გახდა. დაემატა ახალი ავაიკომპანიები, რაც ზრდის ნაკადს. ველოდებით, რომ ამ წლის შედეგებით 2019 წლის შედეგებს უნდა გავუსწროთ.
რაც შეეხება ფასებს ტურისტულ პაკეტებზე, ქვეყნების ნაწილში მოგზაურობა მცირედით გაიაფდა, ნაწილში კი გაძვირდა. მაგალითად, ეგვიპტის მიმართულებით ტურისტული პაკეტის ღირებულება შემირდა 10 პროცენტით, რადგან სასტუმროებზე ფასები დაბალია.“-აღნიშნა ამირან აბესაძემ.