"ავიაკომპანიების მომართვიანობა გაზრდილია" - როგორია ზაფხულის სეზონის ფრენების განრიგი
2022 წლის ზაფხულის საავიაციო სეზონზე საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიების მიმართვიანობა გაზრდილია.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, დიდია განაცხადები ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით.
"რეისებისა და მიმართულებების რაოდენობიდან გამომდინარე, გვაქვს პოზიტიური მოლოდინები მიმდინარე წლის ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით და ველოდებით კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო მოგზაურს ჩვენს ქვეყანაში," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
2022 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფრენის განრიგი, რომლის თანახმადაც ამ ეტაპისთვის წარდგენილი განაცხადების მიხედვით, ფრენები შესრულდება 34 ავიაკომპანიის მიერ, 30 ქვეყნის 70 მიმართულებით.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, რეისები კვირაში 385-395 სიხშირით განხორციელდება, თუმცა სეზონის პიკურ პერიოდში ფრენების რაოდენობა უფრო მზარდი იქნება.
მისი თქმით, სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობის განმავლობაში, განრიგში მოცემული მიმართულებების და ფრენების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს ავიაკომპანიების მხრიდან შემოსული ახალი განაცხადების ან ახალი გადამზიდავების ინტერესის შესაბამისად.
„ვაგრძელებთ ტურისტული სექტორის მხარდაჭერას, რისი მაგალითიცაა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ტურიზმის სექტორი, მათ შორის, სასტუმრო და სარესტორნო ინდუსტრიას, 2021 წლის ქონების გადასახადს აღარ გადაიხდიან. ეს შეღავათი, რომელიც ჩვენ სექტორთან კონსულტაციების შედეგად მივიღეთ, ხელს შეუწყობს დარგის აღდგენის პროცესს," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.