აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 14 კმ-იანი ეკოტურისტული ბილიკი მოეწყობა
ბუნებისა და მარტივი საფეხმავლო ლაშქრობების მოყვარულთათვის, ქუთაისიდან 15 კმ-ის დაშორებით მდებარე აჯამეთის აღკვეთილში, პირველი 14 კილომეტრიანი წრიული ბილიკი ეწყობა.
ბილიკის შემოვლა შესაძლებელი იქნება როგორც ფეხით, ისე ველოსიპედით და ცხენით.
ბილიკი მარკირებული იქნება და ვიზიტორს შესაძლებლობას მისცემს მოგზაურობა დაიწყოს სოფელ ვარციხეში მდებარე აჯამეთის ადმინისტრაციის შენობიდან, გაუყვეს სოფელ საიმედოსკენ სამხრეთ-დასავლეთით, და უკან დაბრუნდეს ისევ სოფელ ვარციხის ადმინისტრაციულ ცენტრში.
ბილიკის გასწვრივ, სოფელ საიმედოსთან და სოფელ ვარციხესთან ვიზიტორთათვის ეწყობა საპიკნიკე და საკარვე სივრცეები, სადაც ღამის გათევა იქნება შესაძლებელი.
აჯამეთის აღკვეთილში ამ დრომდე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა არ არსებობდა და როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოში ამბობენ, ეს იქნება პირველი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა, რომელიც თვის ბოლოს გაიხსნება და ვიზიტორებს წლის ნებისმიერ დროს მიიღებს.
ახალი ეკოტურისტული ბილიკის მოსაწყობად, თანმდევი ინფრასტრუქტურით, 293 000 ლარი დაიხარჯა.
აჯამეთის აღკვეთილი ნაკრძალის სახით 1928 წელს დაარსდა, 2007 წლიდან კი აღკვეთილის სტატუსი მიენიჭა.