Air Baltic-მა რიგა-ბათუმის მიმართულებით ფრენები განაახლა
ლატვიურმა ავიაკომპანია Air Baltic-მა რიგა-ბათუმის მიმართულებით ფრენები განაახლა.
"ტავ ჯორჯიას" ინფორმაციით, 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე პირველი რეისით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 119 მგზავრი ჩამოფრინდა.
Air Baltic-ი რიგა-ბათუმის მიმართულებაზე ზაფხულის სეზონის განმავლობაში კვირაში ორჯერ იფრენს.
ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ასრულებს რიგა-თბილისის მიმართულებაზე. Air Baltic-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვირაში ხუთი სიხშირით დაფრინავს.
“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი.
TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.