აგვისტოდან Wizz Air პარიზის და ტალინის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განაახლებს
1 აგვისტოდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან პირდაპირ რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთის და ესტონეთის დედაქალაქების მიმართულებით განაახლებს.
გადაწყვეტილება ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილთან და ავიაკომპანია Wizz AIR-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელთან შეხვედრისას იქნა მიღებული.
თავდაპირველად, ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან 1 აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით ხოლო, პარიზის მიმართულებით - 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ავიაკომპანია აგვისტოდან, ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით სიხშირეებსაც გაზრდის.
საუბარი შეეხო ასევე, იმ გამოწვევებსა და მისი გადაჭრის გზებს, რომელიც ევროპაში და საქართველოშიც, ტურიზმის სწრაფ აღდგენას თან ახლავს.
ავიაკომპანიის Wizz Air-ის წარმომადგენელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ჟაჟა ტრუბეკი თბილისის შემდეგ ქუთაისში ჩავა, სადაც დავით აღმაშენებლის განახლებულ აეროპორტს დაათვალიერებს და მედიის წარმომადგენლებს შეხვდება და ისუაბრებს ახალი მიმართულებებისა და ავიაკომპანიის მიერ დაგეგმილი სხვა სიახლეების შესახებ.