ტურიზმი
07/11/2022

აგროტურისტული ობიექტები ტურიზმის ახალი კანონის ამოქმედების მოლოდინში

აგროტურისტული ობიექტები ტურიზმის შესახებ ახალი კანონის ამოქმედების მოლოდინში არიან. დოკუმენტი, რომელმაც უკვე საბოლოო სახე მიიღო, აგროტურიზმსაც დაარეგულირებს. კანონპროექტში წერია, რომ აგროტულისტულმა ობიექტმა სტატუსის მისაღებად და შესაბამისი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისთვის რამდენიმე კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს. მათ შორის ადგილზე ტურისტს უნდა ჰქონდეს ღამისთევით დარჩენის შესაძლებლობა. სწორედ ამ ნაწილში ხედავენ პრობლემას დარგის წარმომადგენლები. ფერმერთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ღამის გასათევის არსებობა არ უნდა იყოს აგროტურისტული ობიექტის სტატუსის განსაზღვრის აუცილებელი წინაპირობა.

„ტურიზმის შესახებ კანონზე მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია და საკმაოდ რთული კანონია პირდაპირ რომ ვთქვათ. ამ კანონში ინტეგრირებულია აგროტურიზმის რეგულირების მიმართულებაც, თუმცა ისეა აღქმული, რომ ობიექტს მაინცდამაინც ღამისთევის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. თუმცა სურათი ხშირად სხვანაირია. ბაზარზე არიან რომლებსაც აქვთ ღამის თევა, როგორც დამატებითი სერვისი, თუმცა არიან ისეთები, რომლებსაც არ აქვთ. რატომ უნდა შევზღუდოთ ისინი, ამაზეა საუბარი და იმედი გვაქვს დაზუსტდება ეს ნაწილი,“ - განმარტავს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, რატი კოჭლამაზაშვილი.

ასოციაციამ საკუთარი შენიშვნები და კომენტარები უკვე გადაუგზავნა დარგობრივ კომიტეტს, რომელიც წამყვანია ტურიზმის შესახებ კანონპროექტის შემუშავებაში. ტურიზმის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ჯერჯერობით საჯარო განხილვები დაწყებული არ არის, თუმცა მას უკვე იცნობენ სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ ახალ კანონში აგროტურიზმის შესახებ მანამდე მომზადებული კანონპროექტის ძირითადი პრინციპები სრულად ინტეგრირებულია.

შეგახსენებთ, რომ აგროტურისტული ობიექტები, რომელთა წლიური შემოსავალი ორასი ათას ლარზე ნაკლებია, ათი წლის განმავლობაში საშემოსავლო, მოგებისა და დამატებითი ღირებულების გადასახდისგან გათავისუფლდებიან.

Businesspartner