ტურიზმი
05/10/2020

ადგილი, რომელიც უნდა მოინახულოთ – ცნობილი გერმანელი იუთუბერი მესტიის აეროპორტს ეწვია

ცნობილმა იუთუბერმა ჯოშ კაჰილმა მესტია მოინახულა და ფრენის ამსახველი ვიდეო საკუთარ ბლოგზე ატვირთა. ვიდეოს ათი ათასობით ნახვა და დადებითი გამოხმაურება მოყვა. როგორც იუთუბერი ვიდეოში ამბობს, ამ ადგილის მონახულება ერთ-ერთმა გამომწერმა ურჩია.

ჯოშ კაჰილი ვიდეოს ნატახტრიდან იწყებს, საიდანაც მესტიაში შიდა ავიარეისით გადაადგილდა. ბლოგერი ამ ფრენას ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო და რთულ ფრენად აფასებს, თუმცა აღფრთოვანებას არ მალავს და ამბობს, რომ მესტიაში ფრენა ერთ-ერთი ამაღელვებელი მომენტი იყო.

ბლოგერი ასევე დადებითად აფასებს მესტიის აეროპორტს. მისი თქმით, აეროპორტის შენობა მსოფლიოს ათ ულამაზეს აეროპორტს შორისაა.

„აქ სუფთა ჰაერი და ლამაზი ხედია, ეს ნამდვილად არის ის ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ“, – ამბობს ჯოშ კაჰილი.

იუთუბერი ბლოგში საქართველო-რუსეთს ომსაც ეხება და მაყურებელს ომის ისტორიას აცნობს.

მესტიის შემდეგ ბლოგერი თბილისსაც ეწვია.

აღსანიშნავია, რომ გერ­მა­ნე­ლი ბლო­გე­რი ჯოშ კა­ჰი­ლი საქართველოს რამდენიმე წლის წინაც სტუმრობდა, მან gotravelyourway.com-ზე საქართველოს შესახებ შთაბეჭდილებები და ფოტოები მკითხველს გაუზიარა. დაასახელა 8 მიზეზი თუ რატომ უნდა ესტუმრონ ვიზიტორები საქართველოს, მათ შორის იყო ულამაზესი ბუნება, ადამიანები თავისი ჰუმანური დამოკიდებულებით, პატარა ბაზრები, საქართველოს დედაქალაქის უნიკალურობა, დედაქალაქის ვიწრო ქუჩები, სამზარეულო, ეკლესიები (განსაკუთრებული ადგილი კი გერგეტის სამებას ერგო), ბათუმი და ზღვის ულამაზესი სანაპირო.

რაც შეეხება მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტს, ის წელს იუბილარია. აეროპორტს 27 დეკემბერს 10 წელი უსრულდება.

ნატახტარის აეროპორტიდან მესტიამდე გადაფრენას 50 წუთი სჭირდება და ის პოპულარული გადაადგილების საშუალებაა უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისთვის.

მესტიის აეროპორტს მგზავრთნაკადი იანვარში 60-%-ით გაეზარდა, თებერვალში 84%-ით. თუმცა 21 მარტიდან ფრენების შეწყვეტამ მგზავრთნაკადი მესტიის აეროპორტსაც შეუმცირა.