ფოტო: adjara group
ტურიზმი
05/05/2021

აჭარა ჯგუფი: HoReCa სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია ტურიზმის აღდგენისთვის მნიშვნელოვანია

“აჭარა ჯგუფი” ტურიზმის სექტორში შემავალი კომპანიების თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესის შესახებ ინიციატივას მხარს უჭერს და აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის აღდგენისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„მივესალმებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს მთავრობის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ისეთ ინიციატივას, რომელიც მიმართულია კოვიდ უსაფრთხო გარემოს შექმნასა და ეკონომიკის გაძლიერებაზე, იქნება ეს ორგანიზებული ვაქცინაცია თუ ტურისტების მოზიდვისთვის საჭირო ერთობლივი და მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები. შესაბამისად, ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ინიციატივაც, გვჯერა, ხელს შეუწყობს პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გლობალურ გამოწვევასთან გამკლავებას საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ მუდმივად ვთანამშრომლობთ ეპიდემილოგებთან და მთავრობის შესაბამის სტრუქტურებთან, რათა ხელი შეეწყოს პანდემიის შემცირებასა და მართვას. „აჭარა ჯგუფი“, როგორც პასუხისმგებლიანი კომპანია, პანდემიის დაწყებიდანვე უზრუნველყოფს მისი თანამშრომლებისთვისა და სტუმრებისთვის საჭირო უსაფრთხო გარემოს შექმნას საერთაშორისოდ აღიარებული პროტოკოლებისა და რეგულაციების მიხედვით," – აღნიშნავენ „აჭარა ჯგუფში“ "ბიზნესპარტნიორთან".