ტურიზმი
21/10/2021

8 ადამიანი დახურულ გონდოლაზე - რა რეგულაციებით გაიხსნება ზამთრის კურორტები 

ზამთრის კურორტებს ახალ რეგულაციებს უწესებენ. საკითხი საკოორდინაციო საბჭომ განიხილა და მოიწონა.

ახალი რეგულაციებით, დახურულ საბაგირო გონდოლათი, რომელშიც 10 ადამიანი ეტევა, მხოლოდ 8 მგზავრის გადაყვანა იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ღია ტიპის საბაგიროებს, ისინი სრული დატვირთვით შეძლებენ ფუნქციონირებას. ამავე დროს, უფრო ინტენსიურად მოხდება უშუალოდ საბაგიროთა და მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია, ასევე იმოქმედებს დისტანციის დაცვისა და პირბადის ტარების რეგულაცია. რაც შეეხება ღია სავარძლის ტიპის საბაგიროებს, მათ ახალი რეგულაციები არ შეეხება. ამის მიუხედავად, ორივე ტიპის საბაგიროებით მგზავრობის პროცესს მკაცრი მონიტორინგი ჩაუტარდება.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სიახლე ხელს შეუწყობს კურორტებზე არსებულ ღია და დახურული ტიპის საბაგიროებზე მგზავრთა გამტარუნარიანობის ზრდას.

"საქართველო აქტიურად ემზადება მთის კურორტებზე ზამთრის სეზონისთვის და ამ მიზნით, კოვიდ-რეგულაციებს მკაცრად დაიცავს. ახალი რეგულაციების შემუშავებაში მონაწილეობდა კერძო სექტორიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რეკომენდაციები საერთაშორისო გამოცდილებას ეყრდნობა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.