ტურიზმი
20/01/2022

2023 წელს საქართველო ITB Berlin-ის საერთაშორისო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყანა იქნება

2023 წელს გერმანიაში, ბერლინში ITB Berlin-ის გამოფენაზე საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგება. როგორც მადრიდში მიმდინარე საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის დირექტორთან შეხვედრაზე განაცხადა, ეს არის ტურიზმის სექტორის უმნიშვნელოვანესი მოვლენა.

"ჩვენთვის ასევე არის დიდი პასუხისმგებლობა, შესაბამისად ჩვენ აქტიურად ვემზადებით ამ ღონისძიებისთვის. დღეს გვქონდა ძალიან საინტერესო სამუშაო შეხვედრა ორგანიზატორებთან, სადაც განვიხილეთ ყველა ეტაპი. ასევე აღსანიშნავია, რომ წელს საქართველო ITB Berlin-ზე იქნება კულტურული მიმართულებით პარტნიორი ქვეყანა.“-განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

 ITB Berlin-ის გამოფენის დირექტორის დევიდ რუცის განცხადებით,საქართველოს ტურისტული მიმართულებით უამრავი საიდუმლოება აქვს, რომელიც ჯერ კიდევ აღმოსაჩენია საერთაშორისო მასშტაბით. ITB Berlin-ზე 10 ათასი კომპანიაა წარმოდგენილი და მთელ მსოფლიოში 17 მილიონ ტურისტულ პროფესიონალს აქვს წვდომა. 

„დღეს ჩვენ განვიხილეთ ITB Berlin-სა და საქართველოს შორის პარტნიორობის საკითხი როგორც 2022 წელს მარტში დაგეგმილი გამოფენის შესახებ, ასევე 2023 წლის გეგმები. ძალიან ვამაყობთ, რომ საქართველო ბერლინის გამოფენის მასპინძელი ქვეყანა იქნება 2023 წელს და კულტურის მიმართულებით პარტნიორი 2022 წელს.  ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს ვეხმარებით ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციაში.“- აცხადებს დევიდ რუცი.