ტურიზმი
23/12/2021

"2022 წელს 2019 წელთან შედარებით ტურიზმის 75%-იანი აღდგენაა მოსალოდნელი"

თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარის თანახმად, 2022 წელს 2019 წელთან შედარებით ტურიზმის 75%-იანი აღდგენაა მოსალოდნელი.

პუბლიკაციის თანახმად, 2021 წელს ტურისტული შემოდინებები, 2019 წელთან შედარებით დაბალია. საერთაშორისო მასშტაბით, ყველაზე დიდი დრო ბიზნეს მოგზაურობის აღდგენას დაჭირდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ამ ტიპის შემოდინებების წილი მცირეა. ასევე დაბალია ვიზიტების რაოდენობა შორი დისტანციიდან.

ტურიზმთან ერთად, ექსპორტის, გზავნილებისა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2019 წელთან შედარებით, მომატებულია ჩინეთისა და ევროკავშირის წილი, რუსეთის წილი კი - შემცირებული. ამასთან, რეგიონში გეოპოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობის მიმართ საქართველო კვლავ მოწყვლადია. 

ასევე, რისკია აშშ დოლარის შესაძლო გამყარება და ლირის გაუფასურების ზეგავლენა, თუმცა ისტორიული დინამიკისგან განსხვავებით, ამჯერად მხოლოდ ლირის გაუფასურება ფიქსირდება, ვინაიდან სხვა ვალუტები სტაბილურობას ინარჩუნებს.

თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მხოლოდ ტურიზმთან დაკავშირებული სექტორები ვერ გადააჭარბებს 2019 წლის შესაბამის დონეს.

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვის წარდგენას უმასპინძლა. შეხვედრაზე, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნეს სექტორთან დაკავშირებით.