ტურიზმი
12/10/2020

2021 წლისთვის სასტუმროებზე მაღალი მოთხოვნაა - HSC Group-ი

HSC Group-ის 2021 წლის რეზერვაციების ნაკადს თუ შევხედავთ, ვერც ვიტყვით, რომ კორონავირუსი ჯერ კიდევ არსებობს, - ასე აფასებს მომდევნო სეზონის ტურისტულ პერსპექტივებს სასტუმროების მენეჯმენტ კომპანია, რომელიც სხვადასხვა რეგიონში 10-მდე სასტუმროს მართავს.

„2021 წლის წინასწარი ჯავშნებით სახეზეა. სტანდარტულ გარემოში რომ ვიყოთ, გარანტირებულ ჯავშნებზე დეპოზიტებსაც მოვითხოვდით, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი ზედმეტია. აქედან გამომდინარე, ყველა რეზერვაცია რისკის ქვეშაა და დამოკიდებულია ფრენების განრიგსა და შეზღუდვებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ მოთხოვნაზე რომ იყოს ტურიზმის აღდგენა დამოკიდებული, საკმაოდ სწრაფი ტემპებით აღდგებოდა, თუმცა მთავარია, მორჩეს პანდემია და სრულად აღდგეს რეგულარული რეისები,“ - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი გიორგი დოლიძე.

HSC Group-ის შეფასებით მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა ადგილობრივი ტურისტების აქტივობა. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მთიან რეგიონებში სასტუმროების დატვირთულობა ივნის-აგვისტოს გარკვეული პერიოდში 80-90%-საც კი აღწევდა.

„სასტუმროების დატვირთულობამ და ქართველების აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა მოულოდნელად იფეთქა ვირუსმა სვანეთში, რამაც ხელმეორედ დაამძიმა მდგომარეობა. იმ პერიოდში სასტუმროში ყველა ნომერი დაკავებული გვქონდა და მოგვიწია სტუმრების დატოვება საკარანტინო სტატუსით, რომლებიც 2 კვირა გაჩერდნენ ბანგურიანში. მას შემდეგ კიდევ მივიღეთ რამდენიმე საკარანტინო ჯგუფი და მესტიაში ყველაფერი გაჩერდა. ამასობაში სეზონიც გავიდა და დღეს მესტია ისევ ცარიელია,“ - აცხადებს გიორგი დოლიძე.

ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ტურისტული აქტივობით კახეთი გამოირჩევა. HSC Group-ის მმართველობაში არსებულ სასტუმროებში, ეგრეთწოდებული ვიქენდები სრულად დაკავებულია, სამუშაო დღეებზე კი ნომრების 50% რჩება დაკავებული. აღსანიშნავია, რომ აქტივობის გაზრდა მეტწილად კომპანიების მიერ  საფასო პოლიტიკის გადახედვამ და ნომრების გაიაფებამ განაპირობა.

„ოქტომბრის ბოლომდე თითქმის ყველა არასამუშაო დღე ისევ 100%-ით დატვირთულია წინასწარი ჯავშნებით, სამუშაო დღეებზე ფასდაკლებებს ვთავაზობთ მომხმარებლებს, რომ დაინტერესება შევინარჩუნოთ,“ - განმარტავს დოლიძე.

HSC Group-ის მონაცემებით, სტატისტიკურად ყველაზე მეტი სტუმარი სეზონზე სასტუმროებს თბილისიდან ჰყავდათ. აჭარასა და მესტიაში შესაბამისად ერთ რეზერვაციაზე საშუალოდ 3 ღამე მოდიოდა. უფრო მცირე პერიოდიანი ვიზიტებით გამოირჩეოდა კახეთი. რაც შეეხება თავად დედაქალაქს აქ ვითარება კრიტიკულია და ბევრ სასტუმროს მუშაობის შეწყვეტა მოუწია.

სასტუმრო მენეჯმენტ კომპანია HSC Group საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. კომპანია სასტუმროებს უწევს ობიექტის გახსნისთვის მომზადების საკონსულტაციო მომსახურებას, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებას და სასტუმროს მართვას. 

Businesspartner