10 ნოემბრიდან მესტია-ქუთაისი-მესტიის მიმართულებით რეგულარული რეისები განახლდება
10 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს, ქუთაისსა და მესტიას შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდება. რეისები მსუბუქი სამგზავრო საჰაერო ხომალდით L 410-ით შესრულდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მესტიის თამარ მეფის სახელობის ადგილობრივი აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ოთხშაბათობით მოფრენა 12:00 საათზე განხორციელდება, ხოლო დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან უკან გაფრენა მესტიის მიმართლებით 13:30 საათზე შესრულდება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, შესაძლოა მოთხოვნიდან და საჰაერო ხომალდის დატვირთულობიდან გამომდინარე, რეისების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდოს.
,,მოგეხსენებათ, ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი თანდათან იტვირთება. უკვე გვაქვს 23 ევროპული და აზიური მიმართულება. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ისტორიული მიმართულება ქუთაისი-მესტია აღდგეს. ეს იყო, როგორც ადგილობრივი ტურისტული სექტორის მოთხოვნა, ისე სურვილი ჩვენი მგზავრების მხრიდან. ეს მიმართულება განსაკუთრებით კარგად იტვირთებოდა პოლონელი მოგზაურებით. მოგეხსენებათ, ქუთაისის აეროპორტში პოლონეთის 5 მიმართულებით ხორციელდება ამჟამად პირდაპირი ფრენები. იმედი გვაქვს, რომ ამ რეისის დატვირთულობა მაღალი იქნება. ბილეთის ღირებულება კვლავ უცვლელი, 50 ლარი რჩება,-''განაცხადა თამარ არჩუაძემ.
შიდა ფრენების მიმართულებით პირდაპირი რეისები პანდემიის დაწყების დროს გაუქმდა და ეტაპობრივად განახლდა. ტრადიციულად მესტია-ქუთაისის მიმართულებით, როგორც ადგილობრივები, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტით საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორები სარგებლობდნენ.