Huawei-ს შემოსავლები გაეზარდა, თუმცა, წმინდა მოგება შემცირებულია
ჩინური Huawei Technologies-ს 2022 წელს შემოსავლები 0.9%-ით გაეზარდა.ამის შესახებ კომპანიის მენეჯმენტმა შენჟენში, ფინანსური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
შემოსავლების ზრდის მიუხედავად, კომპანიის წმინდა მოგება შემცირდა, რადგან ტექნოლოგიურმა კონგლომერატმა კვლევისა და განვითარების ხარჯები გაზარდა და ამასთან, საჭირო ნედლეულისა და მასალებზე ხარჯების ზრდას ებრძოდა.
როგორც Huawei-ის მენეჯმენტი აცხადებს, ამ ყველაფრის ფონზე, შემოსავლის 0,9%-ით ზრდა კომპანიის პროგნოზის შესაბამისად, იმაზე მეტყველებს, რომ Huawei-მ სტაბილურობის გარკვეულ დონეს მიაღწია. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ექსპორტის კონტროლის პოლიტიკამ Huawei-ის ოდესღაც ძლიერი სმარტფონების ბიზნესი დაასუსტა.
Huawei-ს ანგარიშის თანამად, 2022 წელს კომაპნიის წმინდა მოგება $5,2 მილიარდი დოლარია, რაც დაახლოებით ორი მესამედით ნაკლებია 2021 წლის მოგებაზე. 2020 წელთან შედარებით კი, კლება 44%-ია.
„ჩვენი ფინანსური მდგომარეობა რჩება მყარი, ძლიერი გამძლეობითა და მოქნილობით“, - განაცხადა Huawei-ის უფროსმა ფინანსურმა ოფიცერმა მენგ ვანჟოუმ, რომელიც 1 აპრილს კომპანიის თავმჯდომარე გახდება. აღსანიშნავია, რომ Huawei ყოველ ექვს თვეში ერთხელ თავმჯდომარეს ცვლის.
მოქმედი თავმჯდომარის ერიკ სუს თქმით კი, კომპანია შესაძლებლობებს ხედავს ისეთ სფეროებში, როგორიცაა მწვანე განვითარება და ინვესტირებას ახორციელებს 5.5 და მე-6 თაობის ტექნოლოგიაში, იმ იმედით, რომ ისინი 2025 წლისთვის შეძლებენ 5.5G პროდუქტების გამოშვებას.
რაც შეეხება ინოვაციურ გარღვევას და ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაციას (EDA) 14 ნანომეტრიანი ტექნოლოგიით წარმოებული ჩიპებისთვის, თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომპანიამ მიაღწია ამას, თავის პარტნიორებთან და ეს ნიშნავს, რომ Huawei-ს შეუძლია საკუთარი EDA ინსტრუმენტები გამოყიენოს ჩიპების დიზაინისთვის.
Huawei, რომელიც 5G სატელეკომუნიკაციო ქსელებისთვის აღჭურვილობის მთავარი მიმწოდებელია, 2019 წლიდან აშშ-ს ექსპორტის კონტროლის სამიზნეა. აშშ ზღუდავს ჩიპებისა და ჩიპების დიზაინის ხელსაწყოების მიწოდებას ამერიკული კომპანიებისგან.