ტექნოლოგიები
03/10/2023

Admixer Advertising: მომავალ წელს მთავარი აქცენტი "ქუქი-ფაილების" გაუქმებაზე გაკეთდება

"ბიზნესპარტნიორმა"  ყოველკვირეული რუბრიკა - "ციფრული პარტნიორი" დაიწყო, სადაც ციფრული მარკეტინგის სწრაფად მზარდ ბაზართან დაკავშირებით არაერთი აქტუალური საკითხის განხილვა და ანალიზი მოხდება. 

რა ძირითადი უპირატესობები აქვს ციფრულ მარკეტინგს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ ციფრულ ბაზარზე? - აღნიშნულ თემებზე "ბიზნესპარტნიორთან" რუბრიკის პირველმა სტუმარმა Admixer Advertising-ის მარკეტინგის დირექტორმა, ირინა ოვერკომ ისაუბრა: 

  • ვინაიდან ციფრულ მარკეტინგზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მინდა გკითხოთ, თუ რა არის ის ძირითადი უპირატესობები, რომლის გამოც კომპანიებმა არჩევანი ციფრულ მარკეტინგზე უნდა შეაჩერონ?

უპირველეს ყოვლისა, მე არ გამოვყოფდი ზოგადად მარკეტინგს ციფრული მარკეტინგისგან, რადგან მარკეტინგული მიდგომები, მათი მიწოდების არხების მიუხედავად, ერთმანეთის მსგავსია. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღეს თითქმის ყველაფერი ციფრულდება, აქტიურად ვიყენებთ ვებსაიტებს, სხვადასხვა აპლიკაციებს, ციფრულ ბილბორდებს და ტელევიზორებიც დავაკავშირეთ ინტერნეტთან, შეიძლება ითქვას, რომ ციფრული მარკეტინგი ახლა სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი არხია.

დღეს ბიზნესების უმეტესობას სწორედ „ციფრული“ აუდიტორია ჰყავს, შესაბამისად, დასახული სტრატეგიების განსახორციელებლად, იქნება ეს ცნობადობის ამაღლება, თუ გაყიდვების ზრდა მათ უნდა დაადგინონ, რომელი პლატფორმები, შეტყობინებები და სტრატეგიები გამოიყენონ. ვინაიდან, ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი მოქნილობაა, ამ მხრივ ის ბიზნესებს მათ საჭიროებებზე მორგებული არჩევანის გაკეთების დიდ თავისუფლებას უტოვებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ციფრული მარკეტინგი მოიცავს სარეკლამო ფორმატებისა და მოწყობილობების ფართო სპექტრს. ამას გარდა, ის მეტად ეფექტურია მასში გამოყენებული ტექნოლოგიების გამო, როგორიცაა მიზნობრივი რეკლამა პლატფორმებზე.  ამის კარგი მაგალითი YouTube-ა. აღნიშნული, ბიზნესებს სხვადასხვა მედია არხებს შორის სარეკლამო ბიუჯეტის სწორად გადანაწილებაში ეხმარება.  ციფრული მარკეტინგი გამოირჩევა გაზომვისა და ანალიტური ფუნქციითაც. ის უზრუნველყოფს უამრავ მეტრიკასა და მონაცემს კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად, რაც ბიზნესს საკუთარი ინვესტიციების უფრო ეფექტურად გამოყენების საშუალებას აძლევს.

  • ასევე საინტერესოა, როგოორია პროგრამატიკული რეკლამის ტენდენციები და რა უპირატოსებები აქვს მას?

პროგრამატიკული რეკლამა, მისი ავტომატიზირებული ბუნების გამო, განსხვავდება ტრადიციული მეთოდებისგან. ის უპირველეს ყოვლისა ემსახურება ციფრული რეკლამის ავტომატურად შეძენის საშუალებას. ავტომატიზაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციაში. ამასთან, ის ხელს უწყობს კამპანიის ეფექტურობას სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც უზრუნველყოფენ დამატებით ფუნქციებს, როგორიცაა Bid-In სტრატეგიები, მრავალი სახის ტარგეტირება. ასევე,  მისი ერთ-ერთი დამატებითი სარგებელი ინვენტარისა და ფორმატების ფართო სპექტრია. ეს კი ბიზნესს მათ სპეციფიკურ საჭიროებებზე მორგებული ვარიანტების პოვნის საშუალებას აძლევს.  ვფიქრობ, ციფრული რეკლამის სფეროში, ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე კეთდება. ტენდენციას უფრო მეტად ეკონომიკური ვარდნა ამყარებს, რამაც მარკეტინგული ბიუჯეტის შემცირება და პლატფორმებს შორის კონკურენციის გაზრდა განაპირობა. შედეგად, ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა პროდუქტებს, რომლებიც უფრო ეფექტურ მიზნობრივი გაყიდვების სტრატეგიებს გვთავაზობენ. მაგალითად, ტრადიციული გარე რეკლამები ეკრანების გამოყენებით გაციფრულდა, რამაც მათი შეძენა მხოლოდ რამდენიმე დაწკაპუნებით გახადა შესაძლებელი. გარდა ამისა, ციფრულმა მედიამ ტელევიზიაშიც დაიმკვიდრა ადგილი.  ეს კი ბიზნესებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ პროგრამატიკის ეკოსისტემაში არსებული ტარგეტირებები ტელევიზიის აუდიენციებზე, რომლის კარგი მაგალითია Youtube, Megogo და სხვა მრავალი.

  • ციფრული არხებისთვის წარმატების ინდიკატორები ინდივიდუალურად განისაზღვრება, თუმცა თქვენი მრავალწლიანი გამოცდილებისა და კლიენტების მოთხოვნების გათვალიწინებით, რა არის ის ძირითადი KPI, რომელზეც ყველაზე მაღალი მოთხოვნაა ბიზნესის მხრიდან?

ძირითადი შედეგების მაჩვენებლები დამოკიდებული უნდა იყოს ბიზნესის მოთხოვნებზე. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ბრენდის ცნობადობის ამაღლება გაყიდვებზე უკეთესია ან პირიქით. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ბიზნესის ტიპზე და მათ მიზნებზე. როდესაც გამრეკლამებელი ქმნის რაღაც ბრენდს, ის ფოკუსირებულია რომ მიწვდეს მისთვის საჭირო აუდიენციას, ხოლო კამპანიის გაშვებისას ფოკუსირებულები ვართ იმაზე, რომ მომხმარებლებმა ბოლომდე ნახონ ჩვენი ციფრული შეტყობინება. ეს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული მიზანი და შედეგებია, რასაც ერთდროულად ვერ განვიხილავთ.  

 მე მიყვარს „SMART” მიდგომა, რომელიც 5 ასოს აბრევიატურაა: S - სპეფიციკური - ანუ ჩვენ უნდა განვასხვავოთ ჩვენი მიზნები ერთმანეთისგან; M - გაზომვადი - ჩვენ უნდა შეგვეძლოს "რიჩის" გაზომვა; A - მიღწევადი - ჩვენ შეიძლება გვინდოდეს 1000$-ად მივწვდეთ 1,000,000 ადამიანს, მაგრამ ეს არ გამოვა, რადგან ფასები გაძვირებულია, შესაბამისად, ვერ იქნება ჩვენი მიზანი;  R - შესაბამისი -  ჩვენ უნდა მივწვდეთ ჩვენთვის საჭირო აუდიენციას და  T - დრო, რომელშიც უნდა მოხდეს ჩვენი მიზნების განხორციელება... ციფრული სამყარო ეფექტურობაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზნების განსახორციელებლად კი დღევანდელ ბაზარზე მრავალი პლატფორმა არსებობს.

  • რომელია ის ახალი საერთაშორისო პროდუქტები, რომლებიც ციფრულ ბაზარზე გამოჩნდნენ?

გლობალური პერსპექტივდან თუ შევხედავთ, აღსანიშნავია, რომ არ ყოფილა რაიმე მნიშვნელოვანი განცხადება. თუმცა, არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ Apple საკუთარი სარეკლამო პლატფორმის შექმნაზე მუშაობს. ის აფართოებს ისეთ სარეკლამო შეთავაზებებს თავის აპლიკაციებში, როგორიცაა „Full Screen“ და ვიდეო რეკლამები. ეს საშუალებას აძლევს რეკლამის განმთავსებლებს მიაღწიონ უფრო ფართო აუდიტორიას. გარდა ამისა, Twitter გადის რებრენდინგის პროცესს, ილონ მასკს სურს შექმნას უფრო ფუნქციონალური პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ განახორციელონ გადახდები და ტრანზაქციები. თუმცა, გაურკვეველია იქნება თუ არა ეს პროექტი წარმატებული, რადგან მას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. გლობალური სიახლეების კუთხით, რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს Netflix-ის მონეტიზაციაც აშშ-ში, რაც კარგი შესაძლებლობა იქნება რეკლამის განმთავსებლებისთვის. გარდა ამისა, სხვადასხვა ტექნოლოგიები, როგორიცაა Amazon, შედის სხვადასხვა ბაზარზე, მათ შორის აღსანიშნავია მათი ბოლოდროინდელი შესვლა პოლონურ ბაზარზე. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ მსგავს მოვლენებს შეიძლება სხვა რეგიონებშიც ჰქონდეს ადგილი. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, რომ აქ ხელმისაწვდომია ყველა ძირითადი საერთაშორისო პლატფორმა, როგორიცაა Google Ads და Google Marketing Platform, Meta.  ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ Google-თან, რათა შევქმნათ მონეტიზაციის შესაძლებლობები ქართულ ბაზარზე, თუმცა პროცესი სწრაფად არ მიმდინარეობს. რაც შეეხება ახალ პროდუქტებს, დიდი მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.  მომავალ წელს მთავარი აქცენტი ქუქი-ფაილების (Cookies) გაუქმებაზე გაკეთდება და იმაზე, თუ როგორ მოერგება ბაზარი ამ ცვლილებას. ამან შეიძლება ინდუსტრიის რესტრუქტურიზაცია, ზოგიერთი მოთამაშის ბაზრიდან გასვლა და მათ ადგილზე ახლების გამოჩენა გამოიწვიოს. ეს არის ჩემი პირადი სამომავლო მოლოდინები.