სტარტაპი
07/02/2021

TechCrunch-ის ფავორიტი სტარტაპი - Stack-ის კიდევ ერთი წარმატება სან ფრანცისკოში

#500Georgia-ს პირველი ნაკადის ფინალისტი Stack-ი სან ფრანცისკოს 27-ე დემო დეიზე TechCrunch-ის ფავორიტი სტარტაპი გახდა.

“ასეთი ღონისძიებები ყოველთვის იქცევს ტექნოლოგიური და ბიზნეს მედიის ყურადღებას და რა თქმა უნდა, TechCrunch-ს ეს დემო დღეც არ გამოპარვია. დღის გამორჩეული პრეზენტატორი კომპანიების სიაში ტექქრანჩმა პირველ სტარტაპად მოგვიხსენია.

ეს ღონისძიება და მისი დაფარვა პოპულარული მედიის მიერ, გვაქცევს ძლიერი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდების ყურადღების ცენტრში, რაც სასურველი პარტნიორების შეძენაში გვეხმარება,” - აღნიშნავს Stack-ის დამფუძნებელი გიორგი ლალიაშვილი “ბიზნესპარტნიორთან”.

500Startups ყოველწლიურად ატარებს აქსელერატორის მიმდინარე პროგრამის მონაწილე სტარტაპების საპრეზენტაციო ღონისძიებას რომელსაც დემო დღეს ეძახიან. 4 თებერვალს 27-ე ნაკადის დემო დღე იყო, სადაც 30 კომპანიიდან ერთ-ერთი პრეზენტატორი სთექი იყო.

Stack საერთაშორისო სტარტაპია, რომელიც ინტერნეტ ბრაუზერის ქართულ ალტერნატივას ქმნის. მისი საშუალებით, Facebook, Twitter, Instagram, Linkedin-ითა და სხვა სოციალური პლატფორმებით სარგებლობა ერთდროულად არის შესაძლებელი. კომპანიამ ოპერირება 2018 წლის ნოემბერში დაიწყო.

Stack პირველი ქართული კომპანიაა, რომელშიც სილიკონის ველის 500 Startups-მა, ჰოლანდიურმა უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა Peak Capital-მა და "ენჯელ ინვესტორებმა" განახორციელეს ინვესტიცია.