ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდი ZARIFFI მამაკაცის ხაზის დამატებას გეგმავს
ZARIFFI ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე სულ რაღაც ორი თვეა გამოჩნდა და მომხმარებელს ქალის, ბავშვის და დედა-შვილის ტანსაცმლის ხაზს სთავაზობს.
კომპანიის დამფუძნებელი ელიზაბედ ლაზარიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ მთავარი რაც ZARIFFI–ს გამოარჩევს ხარისხზე ორიენტირებულობა და ფასის ხელმისაწვდომობაა.
“სამოსის შექმნის იდეა ჩემი შვილის დახმარებით გაჩნდა, ყოველთვის გვქონდა სურვილი ჩაგვეცვა ერთნაირად, რისი არჩევანიც ქართულ მაღაზიებში არ გვქონდა, დარწმუნებული ვარ, მსგავსი სურვილი ბევრ დედა-შვილს ექნება, სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შეგვექმნა თანამედროვე, ლამაზი და კომფორტული სამოსი, რომელიც ქართველ მომხმარებელს მისცემდა არჩევანს და ამავდროულად იქნებოდა ხელმისწვდომი ფართო მასისთვის. პროექტი პირადი დანაზოგით განვახორციელეთ, საინვესტიციო ღირებულება 8000 ლარია.
ბაზარზე სულ ცოტახანია გამოვჩნდით და შეიძლება ითქვას, პირველ ნაბიჯებს ვდგამთ. ჩვენი პროდუქცია იქმნება საკუთარ ატელიეში, ვიმედოვნებთ, მოთხოვნის შესაბამისად ჩვენც გავიზრდებით. რაც შეეხება პანდემიას, თავიდანვე ონლაინ სივრცეში გვქონდა გადაწყვეტილი საქმიანობის წარმართვა, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს ბიზნესზე, თუ არ ჩავთვლით პატარა შეფერხებებს, რასაც დაწესებული შეზღუდვები იწვევს,“ – აღნიშნავს ელიზაბედ ლაზარიაშვილი.
ZARIFFI-ს ტანსაცმელი ძირითადად ონლაინ, facebook-ის და instagram-ის საშუალებით იყიდება. ამ ეტაპე ბრენდი სხვა მაღაზიებთან არ თანამშრომლობს. მიწოდების სერვისს კი მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებს.
„ქსოვილები არის ადგილობრივი, თუმცა სამომავლოდ ვგეგმავთ ჩამოტანას, რაც საშუალებას მოგვცემს მომხმარებელს შევთავაზოთ ექსკლუზიური და განსხვავებული დიზაინი. ტანსაცმელს საკუთარი დიზაინით ვკერავთ, რომელსაც ვამზადებთ ზომებში და რამდენიმე ფერში. ასევე, ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებსაც.
სამომავლო გეგმაში გავქვს წარმოების გაზრდა და პროდუქციის საერთაშორისო პლატფორმებზე განთავსება. არ გამოვრიცხავთ მამაკაცის ხაზის დამატებასაც,“ – ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.