სტარტაპი
12/09/2022

Startup World Cup-ის გამარჯვებულ Theneo-ს სილიკონის ველზე $1 მლნ-ის მოპოვების შანსი აქვს

საქართველოს ათი მოწინავე სტარტაპი Startup World Cup-ის ეროვნულ კონკურსში ჩაერთო, რომელიც ბათუმში გაიმართა.

საერთაშორისო ჟიურიმ პირველობა და სილიკონის ველზე გლობალურ ნახევარფინალში გამგზავრების შესაძლებლობა კომპანია Theneo-ს მიანიჭა, რომელიც მაღალი ხარისხის, ინტერაქტიული API დოკუმენტაციის შექმნაზე მუშაობს. კონკურსის გამარჯვებული 100-ზე მეტი პოტენციური ინვესტორის წინაშე წარსდგება და მსოფლიოს სხვა სტარტაპებს მთავარი პრიზის მოსაპოვებლად შეეჯიბრება, რაც 1,000,000 აშშ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.

Startup World Cup-ის ეროვნული კონკურსი, რომლის ორგანიზატორები Startup Connect და USMAC არიან, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიის სააგენტოსა (GITA) და ბათუმის მერიის ხელშეწყობით ჩატარდა. ადგილობრივი სტარტაპების კონკურსის მხარდამჭერია ევროკავშირისა და UNDP-ის რეგიონული ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), რომელიც მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობას ეფუძნება. დაჯილდოების ცერემონიის მხარდამჭერები არიან კერძო კომპანიები Chelti Vinery და MediaLab.  

ბათუმში გამართული ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, M4EG-ის პროექტის რეგიონულმა მენეჯერმა თინა სტოუმმა, USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა.

დაჯილდოების ცერემონია გაიმართა „ხიდი სილიკონის ველთან“ კონფერენციის ფარგლებში, რომელსაც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან 150-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. კონფერენციის მსვლელობაში, საერთაშორისო ექსპერტებმა სტარტაპების ეკოსისტემის განვითარებაზე ისაუბრეს და კონფერენციის მონაწილეებს მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე სტარტაპების, ვენჩურული კაპიტალის, ინოვაციების კომერციალიზაციისა და განვითარების ახალი ფინანსური შესაძლებლობების მხრივ დაგროვებული გამოცდილება გაუზიარეს.

„Startup World Cup-ის მიზანი საქართველოს საუკეთესო მეწარმეების და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა იყო. საქართველოს სილიკონის ველის წამყვანი კომპანიებიც ესტუმრნენ, რაც კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს ადგილს ინოვაციების გლობალურ ასპარეზზე. USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა სიამაყით უჭერს მხარს ამ ინიციატივას და კონკურსის ყველა მონაწილეს წარმატებას უსურვებს“, - აღნიშნა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა.

“სასიხარულოა, რომ ეს მსოფლიო მნიშვნელობის კონკურსი ბათუმში ტარდება. ევროკავშირისა და UNDP-ის მხარდაჭერით, ბათუმი ამჟამად მუნიციპალური გარდაქმნის ინოვაციური პორტფელის განვითარებაზე მუშაობს, რაც სტარტაპების ეკოსისტემის შექმნას, ბათუმის ახალი ურბანული იდენტობის ჩამოყალიბებასა და მეწარმეობის კულტურის განვითარებას გულისხმობს“, - განაცხადა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.

Startup World Cup-ის საქართველოს კონკურსის ჟიურის წევრებს შორის ისეთი ცნობილი ადამინები ა არიან, როგორიცაა Google-ის გერმანიის ოფისის სტარტაპებისა და ვენჩურული კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელი ნინა ლევჩუკი და მსოფლიო ბანკის ფინანსური ინსტიტუტების ჯგუფის ინვესტიციის მიმართულების უფროსი სპეციალისტი ლევან შალამბერიძე.

კონკურსის მსოფლიო ფინალი 2022 წლის 30 სექტემბერს ლოს ანჟელესში (აშშ) გაიმართება, სადაც მთავარი პრიზის მოსაპოვებლად 70-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო სტარტაპები იბრძოლებენ.