სტარტაპი
13/04/2021

"შესაძლებლობები უსაზღვროა" - საქართველო როგორც ციფრული მიზიდულობის ცენტრი

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის შეფასებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ციფრული მიზიდულობის ცენტრი შეიქმნას.

“როდესაც საუბარია სტარტაპებზე, ან ახალ ტექნოლოგიურ კომპანიებზე, ყველა ვფიქრობთ კალიფორნიაზე. Microsoft, Apple, Facebook - ყველა ხომ იქიდან არის. ამასთან, ზოგმა არ იცის, ან ავიწყდება ის, რომ ძალიან დიდი ციფრული ცენტრები შეიქმნა მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის გამოსაყოფია ისრაელი, ბერლინი, ლონდონი და ირლანდია“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“.

მისი თქმით, ირლანდია საუკეთესო მაგალითია საქართველოსთვის, რადგან 80-იან წლებში ჩვენზე ღარიბები იყვნენ, და უღარიბესი ევროპული ქვეყნიდან უმდიდრეს ქვეყნად იქცა.

“ამის შედეგია ტექნოლოგიებისათვის გარემოს შექმნა, ამასთან, საერთაშორისო კომპანიებისთვის, ვინც ევროპით იყო დაინტერესებული, კარგი საგადასახადო სისტემა შექმნეს. ასე რომ, როდესაც შესაძლებლობებზეა საუბარი, ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, საქართველოში ცენტრი შეიქმნას. ჩვენ სარეკლამო კამპანია გვქონდა - შესაძლებლობები უსაზღვროა, ერთი ერთში ერგება ამ სიტუაციას. ციფრული ახალი ბიზნესის მთელი იდეა არის, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ განთავსებული, მთავარია გესმოდეს, როგორ გაშალო მსოფლიო დონეზე შენი ბიზნესი. ეს ჩვენ არ ვიცით და ველოსიპედის მოგონების აუცილებლობაც არ არის. არის 500 Startups, მათ აქვთ ტექნოლოგია აწყობილი, როგორ უნდა დავაჩქაროთ და გავშალოთ ბიზნესი. ისინი მსოფლიო სამეულში შედიან, უამრავი დიდი ბიზნესისთვის აქვთ დახმარება გაწეული, რომ მასშტაბი გაზრდილიყო“, - აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ.

Businesspartner