სტარტაპი
25/09/2020

საზღვრების ჩაკეტვამ ბაზარზე ქსოვილის დეფიციტი გამოიწვია – "რიდე"

„რიდე“ ქართული ყელსახვევების ბრენდია, რომლის უნიკალურობასაც ნახატები განაპირობებს. ბრენდის დამფუძნებელი კესო გველესიანი პანდემიისგან გამოწვეულ სირთულეებზე საუბრობს.  

„პანდემიამ როგორც ყველაზე, ასევე ჩვენზეც ძალიან იმოქმედა, ახლაც ვცდილობთ გავუმკლავდეთ სხვადასხვა დაბრკოლებას, დაახლოებით ერთი თვით საერთოდ შევწყვიტეთ მუშაობა, თუმცა შემდეგ მალევე აღვიდგინეთ ძალები. ჩვენთვის მთავარ პრობლემას წარმოადგენდა საზღვრების ჩაკეტვა, რამაც გამოიწვია ქსოვილის დეფიციტი ბაზარზე, ამის გამო გვიჭირდა შარფების დამზადება. რაც შეეხება გაყიდვებს, ვერ ვიტყვით რომ შემცირდა, რადგან ჩვენი ბრენდი შეიქმნა დეკემბერში, პანდემიის დაწყებიდან სულ ცოტა ხნით ადრე, მთელი სტარტაპი და ბრენდის ზრდის პროცესი ამ მძიმე პერიოდში გავატარეთ,“ –აღნიშნავს კესო გველესიანი.

ამ ეტაპზე „რიდეს“ პროდუქცია იყიდება მხოლოდ ადგილობრივ. მომხმარებელს პროდუქციის შეძენა ონლაინის გარდა, ყვავილების მაღაზია „მაო“–შიც შეუძლია.

„გაყიდვების სტიმულირებისთვის ხშირად მივმართავთ სხვადასხვა სახის რეკლამას, გათამაშებებს და რაც მთავარია სიახლეებს. ასევე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა კერძო პირთან და კომპანიასთან, რომელიც გვიწევს კურიერულ, ბუღალტერულ, შეფუთვის თუ სხვა მომსახურებას,” – ამბობს „რიდეს“ დამფუძნებელი.

 

 

 

 

Businesspartner