როგორ აღვრიცხოთ თანამშრომლები - რა გზას სთავაზობს კომპანიებს სტარტაპი QuickID
ქართული სტარტაპი კომპანიებს თანამშრომლების სამუშაო დროის აღრიცხვასა და მათ იდენტიფიკაციაში დაეხმარება.
QuickID ინოვაციური ონლაინ პლატფორმაა ბიზნესისთვის, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია პერსონალის ეფექტური მართვა, პროდუქტიულობის აღრიცხვა და მისი გაზრდა.
კომპანიის თანადამფუძნებელი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ პროექტის საბოლოო კატალიზატორი COVID19–ის პანდემია და ახალი რეგულაციის მოლოდინი იყო.
„ბევრი კომპანია დიდ ძალისხმევას იჩენს კლიენტების ზრუნვაზე და ამ დროს თავიანთი თანამშრომლები შედარებით უკანა პლანზე ყავთ გადაწეული. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ყველა კვლევის თანახმად, დასაქმებულების 70% უკმაყოფილოა სამსახურით, არამარტო საქართველოში. ამავდროულად კომპანიის წარმატება დიდწილად განისაზღვრება არამხოლოდ კლიენტებით, არამედ მისი თანამშრომლების განწყობით და პროდუქტიულობით. სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრა დავისახეთ მიზნად QuickID–ის შექმნისას,“ – ამბობს ირაკლი ებრალიძე.
QuickID ონლაინ ღრუბლოვანი პლატფორმისა და სმარტფონ აპლიკაციის ერთობლიობაა, მისი მეშვეობით შესაძლებელია როგორც ოფისში, ისე სახლიდან ან მოშორებული ლოკაციიდან მომუშავე პერსონალის აღრიცხვა, თანამშრომლებს მხოლოდ და მხოლოდ აპლიკაციის ჩამოტვირთვა და აქტივაცია სჭირდებათ.
„QuickID-ის მართვის პანელი არ საჭიროებს რაიმე აპლიკაციის ინსტალირებას ან სერვერების გამართვას. მისი გამოყენება პირდაპირ ვებბრაუზერიდან ხდება, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას. არის მაქსიმალურად გამჭვირვალე და არ წარმოადგენს დამატებით ტვირთს დასაქმებულისთვის. არის ეკონომიური და ეფექტური გამოსავალი. სააბონენტო გადასახადი თვეში 100 ლარია, ასევე 1 ლარი თითოეულ დასაქმებულზე, რომელიც გამოიყენებს აპლიკაციას. ასევე შესაძლებელია მოქნილი გადახდის გრაფიკით სარგებლობა.
QuickID მარტივად ინტეგრირდება არსებულ აპარატურულ ნაწილთან (თუკი ბიზნესს უკვე გააჩნია მსგავსი აპარატურა). მაგალითად, შეძლებთ აპლიკაციის მეშვეობით კარის გაღებას ან სხვა მექანიკური ტიპის სამუშაოს შესრულებას მოტივირებული და პროდუქტიული კოლექტივების ჩამოყალიბების მიზნით აპლიკაციაში თანაშრომლების საკონტაქტო ბაზა ჩავაშენეთ. კოლეგებთან მარტივი კონტაქტი და სხვა სოციალური აქტივობებისგან იზოლირებულ სამუშაო ატმოსფერო თანამშრომლების რუტინას ბევრად სასიამოვნოს გახდის. კომუნიკაცია დამსაქმებელსა და პერსონალს შორის აპლიკაციის მეშვეობით ხდება,“–აღნიშნავს QuickID–ის თანადამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $100 000-ია. ფინანსირების ძირითადი წყარო დამფუძნებლებს და ამერიკულ კომპანი Centigral Ventures, LLC ეკუთვნის. კომპანია საქართველოს საზღვრეთ გასვლას და სერვისის სხვა ქვეყნებისტვის შეთავაზებას გეგმავს.