სტარტაპი
10/09/2020

ნათია თურნავა: საქართველო ყალიბდება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმზიდველ ცენტრად

ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს საქართველოში მაღალტექნოლოგიურ ბიზნესებს და განსაკუთრებით ახალი, კრეატიული სტარტაპების განვითარებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups-ის პროგრამის დაწყების ღონისძიებაზე.

ნათია თურნავას განცხადებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში მსოფლიოს პრაქტიკულად ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სტარტაპების აქსელერატორი შემოვიდა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მონაწილეობდა როგორც სტარტაპების გადარჩევაში, ასევე მათ დატრენინგებასა და ინვესტიციების მოზიდვაში ეხმარებოდა.

„ძალიან მაღალი ინტერესი იყო, რაც ყველაზე საინტერესოა, ქართველ სტარტაპებთან ერთად, ბევრი უცხოელი სტარტაპიც მონაწილეობდა. თუმცა აუცილებელი პირობაა, რომ ბოლო ეტაპზე ყველა სტარტაპი დარეგისტრირდეს როგორც ქართული კომპანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კარგ შესაძლებლობას ვაძლევთ სტარტაპებს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, რაც დღეს, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასევე განვითარდეს მაღალტექნოლოგიური ბიზნესები, ინოვაციები და მეტად გამოვიყენოთ ჩვენი ახალგაზრდების ინტელექტუალური პოტენციალი. ეს საქმიანობა უკვე იზიდავს ინვესტიციებს, მათ შორის უცხოელ ინვესტორებს.  ეს მართლაც კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ყალიბდება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმზიდველი ცენტრად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა გლობალურმა ბიზნეს აქსელერატორმა 500 Startups-მა, თბილისში, შერჩეული სტარტაპებისთვის ექვსკვირიანი ინტენსიური სააქსელერაციო პროგრამა დაიწყო. 

საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, 500 Startups-მა პირველ ეტაპზე 15 სტარტაპი შეარჩია, რომლებმაც ივნისი-აგვისტოს პერიოდში სტარტაპ აქსელერაციის საბაზისო და ექპერიმენტირების პროგრამები ონლაინ რეჟიმში გაიარა, ხოლო მომდევნო ეტაპზე 10 ყველაზე სწრაფი ზრდის პოტენციალის მქონე სტარტაპი გადავიდა. შერჩეული 10 სტარტაპიდან 3 უცხოური კომპანიაა, მათ შორის არიან: აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან. პროგრამაში ჩართული გუნდებიდან ტოპ ხუთეული აქსელერაციას საქართველოს ბანკის ინვესტიციით გააგრძელებს. ინტენსიური პროგრამა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს დაიწყო და 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

     500 Startups-ი საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შემოვიდა.  პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას, საინვესტიციო პოტენციალის განვითარებასა და სტარტაპ კომპანიების მასშტაბირებას გლობალურ ბაზარზე.