სტარტაპი
27/09/2022

Merdini - ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი გამოჩნდა

სტარტაპი Merdini აბრეშუმითა და სხვა მაღალი ხარისხის ქსოვილების გამოყენებით ქალისა და მამაკაცის აქსესუარებს აწარმოებს. ბრენდი  გასული წლის დეკემბერში დაარსდა, თუმცა, გაყიდვები მიმდინარე წლის მარტში დაიწყო.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ნინო მესხი ამბობს, ეს იყო მისი და მერი ოთხოზორიას ჰობი, რომელიც საბოლოოდ ბიზნესსაქმიანობად იქცა. თვითონ სახელწოდება "მერდინი" კი აბრეშუმის ნაზ ქსოვილს ნიშნავს.

"ჩვენი პირველი და ძირითადი პროდუქტიც სწორედ აბრეშუმის შარფია. გვაქვს მრავალფეროვანი არჩევანი, ამიტომ ყველა ასაკის მომხმარებელი გვყავს. მაქსიმალურად დიდ ყურადღებას ვუთმობთ ხარისხს, ეს ეხება როგორც პროდუქტს, ისე შეფუთვას. ქსოვილების იმპორტს ვახორციელებთ ჩინეთიდან და თურქეთიდან. ვზრუნავთ, რომ მიწოდების ჯაჭვის იყოს გამართული, მოქნილი და მომხმარებელზე მორგებული.
გვაქვს ასევე მამაკაცის ხაზი, ჰალსტუხი, ბაფთა, ჯიბის დეკორატიული ცხვირსახოცი. ჩვენი გაყიდვების უმეტესობა არის უშუალოდ სასაჩუქრედ განკუთვნილი, მაგალითად, როდესაც მომხმარებელს სჭირდება საჩუქრად შეარჩიოს მაღალი ხარისხის გემოვნებიანი პროდუქტი და ამავე დროს ქართული."-აღნიშნავს ნინო მესხი.

მისივე თქმით, კორპორატიული შეკვეთების გამოცდილება უკვე აქვთ და პროდუქციაზე მოთხოვნა ბაზარზე გამოჩენისთანავე გასაკვირად დიდი იყო.

პროდუქციის დიდი ნაწილი იყიდება ონლაინ. ასევე წარმოდგენილია თბილისის ერთ-ერთ ტურისტულ სივრცეში. ამ დრომდე, Merdini-ს ყველაზე პატარა ზომის შარფის ღირებულება 45 ლარი იყო. ხოლო, აქსესუარების მაქსიმალური ღირებულება - 105. თუმცა, ბოლო დროს, პროდუქციის თვითღირებულების გაზრდის გამო ფასების  20-25%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.  

"პარტნიორ დიზაინერთან ერთად ვამუშავებთ ქსოვილზე დასატან პრინტს და შემდეგ ვბეჭდავთ სუბლიმაციურად. ვიყენებთ მაღალი ხარისხის საღებავებს, რაც უზრუნველყოფს შექმნილი დიზაინის უნაკლოდ დატანას ქსოვილზე. გარდა ამისა, უზრუნველყოფილია ფერების მდგრადობა ხანგრძლივი დროით.

ძირითად საქმიანობას, ამ ეტაპზე, თავად ვუძღვებით. როგორიცაა, მაგალითად, პარტნიორ საწარმოებთან ურთიერთობა, თითოეული პრინტის დიზაინის დამუშავება, შეკერვა ასევე, ფინანსური ანგარიშგება და სხვ. შეფუთვებზე და შეფუთვების დიზაინზე კი ზრუნავს მერი ოთხოზორია,  რეალურად ყველა ნიუანსის სრულყოფაში იდება მნიშვნელოვანი დრო და ენერგია. ამასთან, გვყავს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდების მართვის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მომხმარებლებს უწევენ კონსულტაციას და ათავსებენ გაყიდვებს."- აცხადებს Merdini-ს  დამფუძნებელი.

სტარტაპის სამომავლო გეგემებშია მაღაზიის გახსნა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლა. ამასთან, Merdini სხვა ბრენდებთან კოლაბორაციასაც არ გამორიცხავს.

"ვფიქრობ, საინტერესო იქნება ორი ან რამდენიმე შემავსებელი პროდუქტის შეთავაზება მომხმარებლისთვის. ვგეგმავთ, მამაკაცის ხაზის გამრავალფეროვნებას და სხვა სახეობის რამდენიმე პროდუქტის დამატებას. ამ ეტაპზე, ქართულ ბაზარზე ვართ ორიენტირებული, მათ შორის ტურისტულ ბაზარზე, თუმცა საქართველოში ფიზიკური ბრენდული მაღაზიების გახსნის პარალელურად, ვგეგმავთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარდგენასაც, თუმცა, ეს შედარებით მოგვიანებით. გვაქვს რამდენიმე შემოთავაზება, რომლებსაც განვიხილავთ, ჯერ მცირე მასშტაბებზეა საუბარი, თუმცა შესაძლებლობები არსებობს."- ამბობს ნინო მესხი.