სტარტაპი
30/09/2020

Leadin.ge - GITA-ს გამარჯვებული სტარტაპი უძრავი ქონების ბაზარს ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს

GITA–ს ტრენინგების დროს მიღებული გამოცდილება ფასდაუდებელია - ამბობს რატი წეროძე სტარტაპ Leadin.ge-ს დამფუძნებელი, რომელიც GITA Tech Park–ის გამარჯვებულია.

Leadin.ge (Centralized real estate affiliate platform ) უძრავი ქონების გაყიდვების პირველი ცენტრალიზებული, გლობალური პლატფორმაა, რომელიც სექტორს ინოვაციურ მეთოდებს შესთავაზებს.

„აპლიკაციის მეშვეობით გაერთიანდება ასეულობით ასოცირებული აგენტი, რომლებიც გააგზავნიან კომპანიებთან ბინის მყიდველებს და გაყიდვის შემთხვევაში აიღებენ საკომისიოს. შესაბამისად, კომპანიას არ აქვს წინასწარი მარკეტინგული ხარჯები ბინის პოტენციური მყიდველების მოსაზიდად და იყენებს ჩვეულებრივი ადამიანურ რესურსს, ვინც დაინტერესებულია დამატებითი შემოსავლების გამომუშავებით.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ერთი შეხედვით მოახდინოს ბინის მყიდველის იდენტიფიცირება და პლატფორმის მესვეობით გაუგზავნოს ის კომპანიას,“ - ამბობს რატი წეროძე "ბიზნესპარტნიორთან."

დამფუძნებლის თქმით, Leadin.ge დაახლოებით 5 თვეა რაც შეიქმნა და აპლიკაცია სატესტო რეჟიმში მუშაობს, 2021 წლისთვის კი სრული დატვირთვით ამუშავდება.

პროექტის კერძო საინვესტიციო ღირებულება არის 15 000 დოლარი.

„რამდენიმე მიმართულებაა, რომლის გაძლიერებაშიც დავხარჯავთ მიღებულ გრანტს. ეს არის ვებ–გვერდი, რომელიც გახდება უფრო მოქნილი და ადამიანური ჩარევა იქნება მინიმალური. ასევე, მობილური აპლიკაციის დახვეწა და განვითარებაა დაგეგმილი. GITA–ს ტრენინგების დროს მიღებული გამოცდილება, შეიძლება ითქვას, ფასდაუდებელია. ახლა ზუსტად ვიცით, როგორ უნდა მივიტანოთ ადამიანებამდე ჩვენი სტარტაპის იდეა,“ – აღნიშნავს რატი წეროძე.