ქართული ბრენდი Cumulus-ი სამკაულების ახალ ხაზს ამატებს
Cumulus-ი ვერცხლის ხელნაკეთი სამკაულების ქართული ბრენდია, რომელიც ბაზარზე პანდემიის პერიოდში გამოჩნდა და თანამედროვე, ორიგინალური დიზანით გამოირჩევა.
ბრენდის შექმნის იდეაზე და სამომავლო გეგმებზე "ბიზნესპარტნიორთან" იუველირი და Cumulus–ის დამფუძნებელი თამარ ოქროპირიძე საუბრობს. მისი თქმით, პანდემია შესანიშნავი დრო აღმოჩნდა იდეის განსახორციელებლეად.
"მამაჩემი ოქრომჭედელია და სამკაულების ბრენდის შექმნის იდეა თავში მუდმივად მიტრიალებდა, თუმცა დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებდი იდეის სისრულეში მოყვანას. პანდემიამ ამ თვალსაზრისით ხელი შემიწყო და დავიწყე ჩემი საქმის კეთება.
მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ვერცხლის ხელნაკეთ სამკაულებს ვთავაზობთ. ვცდილობთ, გამოვირჩეოდეთ თანამედროვე და ორიგინალური დიზანით და რაც მთავარია, მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ მომხმარებელზე. ბრენდის დაარსების დღიდან სამკაულებზე მოთხოვნა არ შენელებულა, რადგან ყოველთვის ვცდილობთ განახლებული კოლექცია წარმოვადგინოთ,"– აღნიშნავს, ბრენდის დამფუძნებელი.
ამ ეტაპზე, Cumulus-ს გაყიდვაში აქვს ბეჭდები და საყურეები, რომელიც ადგილობრივი ნედლეულით პატარა სახელოსნოში მზადდება. ბრენდი ინდივიდუალურ შეკვეთებზეც მუშაობს. სამკაულების შეძენა მომხმარებლებს Instagram და Facebook გვერდების საშუალებით შეუძლიათ.
"უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ჯვრების ხაზის დამატებას, კოლექციის უმეტესი ნაწილი მზად არის და ერთი თვის მანძილზე ნელ-ნელა გამოჩნდება ჩვენს ონლაინ პლატფორმებზე. ასევე, დიდი სურვილი მაქვს Cumulus-ის სამკაულები გასცდეს საქართველოს საზღვრებს, რაშიც სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმები დამეხმარება. როგორც აღვნიშნე, ძირითადად ვერცხლზე ვმუშობთ, თუმცა გეგმაში გვაქვს ოქროს ნაკეთობების დამატებაც.
პროდუქცია განთავსებულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაღაზია "საელჩო"–ში, სადაც ქართველი დიზაინერების ხელნაკეთი ნივთები არის წარმოდგენილი. ასევე, მაღაზია "იდეა"–ში, რომელიც იგივე კონცეფციის მატარებელია და მდებარეობს ვაკეში. რაც შეეხება ნაკეთობების ფასებს, 25-150 ლარამდე მერყეობს. თუმცა არის ინდივიდუალური შეკვეთები, რომელიც უფრო ძვირადღირებულია," – ამბობს თამარ ოქროპირიძე.
ინფორმაციისთვის, პროექტი კერძო ინვესტიციით განხორციელდა, თუმცა სამომავლოდ კომპანიის დამფუძნებელი საგრანტო კონკურსსში მონაწილეობას არ გამორიცხავს.