სტარტაპი
06/03/2021

GITA-ს გამარჯვებული სტარტაპი NovelVisio უსინათლოებს დამოუკიდებლად გადაადგილებაში დაეხმარება

სტარტაპი NovelVisio უსინათლოებისთვისა და მხედველობა შეზღუდულ პირთათვის მოწყობილობებს ამზადებს, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს დამოუკიდებლად გადაადგილდნენ. კომპანიის თანადამფუძნებელი ნატა სულაქველიძე „ბიზნესპარტნიორთან“ სტარტაპის ინოვაციურობასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

მისი თქმით, სტარტაპის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ადაპტაცია ჩვენს გარემოში, რომელიც მათთვის მკაცრია, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში.

„მოწყობილობა დაკავშირებულია აპლიკაციასთან, რომელიც ავტობუსის გაჩერებებზე მომხმარებელს მომავალი ავტობუსისა და მისი მიმართულების შესახებ ინფორმაციას მიაწოდებს, ასევე მარკეტში პროდუქციის სახელწოდებებსა და მათ ფასებს ამცნობს, რაც შესაძლებლობას მისცემს უსინათლო პირებს საყიდლებზე დამოუკიდებლად იარონ და ამასთან აპლიკაციის გამოყენებით შეძლებენ წამლები განასხვავონ და დამოუკიდებლად მიიღონ ისინი.

ინოვაციურობა იწყება მოწყობილობიდან, რომელიც მაგრდება ფეხზე და შესაძლებლობა აქვს გაარჩიოს 4 ყველაზე მნიშვნელოვანი ტიპის დაბრკოლებათა ჯგუფი: წინ მდებარე ნებისმიერი დაბრკოლება, ორმო ან ნებისმიერი ტიპის ჩაღრმავება, დაღმავალი და აღმავალი კიბეები. მობილურ აპლიკაციაში გამოყენებული იქნება რამდენიმე ინოვაციური ტექნოლოგიური know-how, რომელიც შეეხება ხელოვნურ ინტელექტს. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციაში text-to-speech სისტემის უტილიზაციას გულისხმობს,“ - აღნიშნავს ნატა სულაქველიძე.

სულ ახლახანს, სტარტაპი NovelVisio საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტის მფლობელი გახდა. GITA–მ მსოფლიო ბანკის პროექტის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ნოემბერს მეექვსედ გამოაცხადა. 303 განაცხადიდან 20 გამარჯებული კომპანია საინვესტიციო კომიტეტმა დაასახელა.

„გვაქვს პროტოტიპი, რომელიც 30 უსინათლო პირზეა გამოცდილი და სულ ოდნავ განსხვავდება მასობრივი წარმოების მოდელისგან. რაც შეეხება აპლიკაციას, მასზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი იქნება. გრანტის პირველ რიგში, სწორედ საბოლოო პროდუქტის შექმნისა და მისი წარმოებისთვის გამოვიყენებთ. ასევე, თანხის ნაწილი განკუთვნილია მარკეტინგისთვის, ნაწილი პერსონალის ანაზღაურებისთვისა და არსებული ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისთვის.
გლობალურ ბაზარზე გასასვლელად, გადავწყვიტეთ გამოვიყენოთ კომპანია, რომელმაც შემოგვთავაზა საკმაოდ დიდი ტექნიკური რესურსი და რომელთანაც ვთანამშრომლობთ უკვე 2 წელზე მეტია ხელოვნური ინტელექტის სფეროში და რომლის შესახებაც გაუთქმელობის ხელშეკრულების გამო ვერ გესაუბრებით. ამ პროექტში 5 წლის განმავლობაში ჩადებულია ბევრი შრომა, ტექნიკური ბაზები, და ფულადი ინვესტიციებიც,“– ამბობს სტარტაპის თანადამფუძნებელი.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საგრანტო კონკურსის პერიოდში, GITA–ს დახმარებით, NovelVisio სამეცნიერო პროექტიდან ტრანსფორმირდა, როგორც ძალიან დიდი მომავლის მქონე ბიზნესი.

„დიდ მადლობას ვუხდით GITA-ს თითოეულ მენტორს, ინვესტორთა კომიტეტს და ყველას ვინც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების კონკურსის გამართვაში წვლილი შეიტანა.“– აღნიშნა სულაქველიძემ.