ფეიქარი - სტარტაპი, რომელიც საბჭოთა პერიოდში წარმოებული ქსოვილით ორიგინალურ აქსესუარებს ქმნის
“ფეიქარი“ ერთადერთი ბრენდია საქართველოში, რომელიც აქსესუარების შესაქმნელად საბჭოთა პერიოდში წარმოებულ ქსოვილებს იყენებს.
პანდემიის პერიოდში დაწყებული ბიზნესის თანადამფუძნებელი ეკა ბუგიანიშვილი „ბიზნესპატინორთან“ ამბობს, რომ ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია გარემოზე ზრუნვა და მისთვის „ტვირთის“ შემსუბუქებაა.
„ჩვენი საწარმოს დაარსების იდეა მე და ჩემს ძმას დაახლოებით ერთი წლის წინ გაგვიჩნდა და პირველადი ამოცანა დედის დასაქმება იყო, თუმცა ეს იმდენად სასიამოვნო საქმე აღმოჩნდა, რომ ყველა ჩავერთეთ და დღემდე აქტიურად ვმუშაობთ, ონლაინ მაღაზია 2020 წლის დეკემბერში გავხსენით. ძმა ვიზუალურ მხარეზე, ლოგოზე ზრუნავს, მე დიზაინით ვარ გატაცებული, ასევე მიწევს მარკეტინგული საკითხების მართვა, დედა და დეიდა ქსოვილების ხარისხს არჩევენ და კერავენ.
მუდმივად ვეძებთ მაღალი ხარისხის ქსოვილებს, რომლებიც დღესდღეობით უფუნქციოდ არის დარჩენილი და ახალ სიცოცხლეს ვანიჭებთ მათ. თავის დროზე ამ მასალების დამზადებაში უზარმაზარი ბუნებრივი რესურსი დაიხარჯა, თუმცა დღეს მათ თითქმის აღარავინ იყენებს. მათი ფერები გარკვეულ ნოსტალგიას აღძრავს ადამიანებში და ყოველი ნივთი გარკვეული ისტორიით არის სავსე. ამ ქსოვილების მოძიება ადვილი არ არის, ამიტომ ეს დამატებით შრომას მოითხოვს. ვეძებთ ახლობლებში, ძველმანების ბაზრობებზე, განცხადებების საფუძველზე ვრეკავთ ხოლმე და ა.შ.“– აღნიშნავს ეკა ბუგიანიშვილი.
“ფეიქარის“ აქსესუარები ნებისმიერი სქესისა და ასაკის ადამიანზეა გათვლილი. მომხმარებლებს პროდუქციის შეძენა ონალინ Facebook გვერდის საშუალებით, ასევე მაღაზიაში - „ზერო ეფექტი“ შეუძლიათ, სადაც გარემოსთან მეგობრული პროდუქციაა თავმოყრილი და თავიდან ბოლომდე ნულოვანი ნარჩენების წარმოქმნას უწყობს ხელს.
„ჩვენი პროდუქცია განთავსებულია ასევე მაღაზიაში „იდეა“ თაყაიშვილის ქუჩაზე. თანამშრომლობა დავიწყეთ ონლაინ პლათფორმასთან cartooli.com, რომლის საშუალებითაც ჩვენი პროდუქცია ასევე საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდება და უახლოეს მომავალში ჩვენს პროდუქციას Phubber-ზეც იხილავთ.
ჯერჯერობით ჩვენი სახელოსნო ჩვენი სახლია - საკუთარი ბინა, რომელშიც საკმაოდ კომფორტულია მუშაობა. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ დიზაინს, არცერთ ჩანთასა თუ აქსესუარს ანალოგი არ აქვს. ისინი გამოირჩევა ფერების თამამი შეხამებით: ზოლიანი, ყვავილებიანი მოტივები, ფერადი სახელურები და კიდევ სხვა დეტალი, მაგ. ნაჭრის ჩანთებს ყოველთვის აქვთ ჯიბეები, რაც ზოგადად არ არის ხოლმე დამახისიათებელი,“ – აღნიშნავს ეკა ბუგიანიშვილი.
კომპანიის დამფუძნებლის თქმით, „ფეიქარის“ სამომავლო გეგმაშია როგორც საქართველოს ბაზრის მოცვა ასევე, ევროპულ მაღაზიებთან თანამშრომლობა, რომლებიც ე.წ. „აფსაიქლინგის“ მიმართულებით მუშაობენ. შორეულ გეგმაშია მაღაზია-სალონის გახსნაც, რომელიც არა მხოლოდ ქსოვილების დიზაინზე იმუშავებს, არამედ უამრავ საინტერესო იდეაზე იქნება აგებული ეკო-მეგორბული მიმართულებით.
„ეკო-მეგობრული ცნობიერება საქართველოში ჯერ კიდევ მაღალ დონეზე არ არის, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ნელ-ნელა ამას ჩვენი საქმიანობითაც შევუწყობთ ხელს. მომხმარებლების დამოკიდებულება უზარმაზარ მოტივაციას გვაძლევს, გვჯერა, რომ „დამშვიდებულ სამყაროში“ ბევრად უკეთეს შედეგებს მივაღწევთ. ამჟამად, ჩვენს სამომავლო გეგმების სიაში 10-მდე ახალი პროდუქტია. არასდროს გვბეზრდება კრეატიული საქმიანობა და ძალიან ხშირად გვიჩნდება ახალი იდეები, რომლებსაც ვამუშავებთ და ნელ-ნელა წარმოებაშიც გავუშვებთ. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ საბავშვო ხაზზეც და ესეც მალე გვექნება, თუმცა ჩვენს ბამბის თმის სამაგრებს უკვე 2 წლის მომხმარებლებიც ჰყავს. პროექტი თავიდან ბოლომდე ჩვენი სახსრებით დავიწყეთ. თუკი ჩვენი ბრენდი ცოტა უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, რაც ჯერჯერობით არ გვაქვს დაგეგმილი, მაშინ დავიწყებთ გრანტების მოძიებაზე ფიქრს,“ – ამბობს „ფეიქარის“ დამფუძნებელი.