"ეს მხოლოდ დასაწყისია, მალე აუცილებლად ბევრ ქვეყანას მოვიცავთ" - ხის სამკაულების ბრენდი Lᴀɴᴏᴋɪ
ქართული ბრენდი Lᴀɴᴏᴋɪ მომხმარებლებს ხისგან დამზადებულ სამკაულს სთავაზობს. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ბრენდის დამფუძნებელი ლანო შარაშენიძე აცხადებს, პანდემიის პერიოდი შესაფერისი აღმოჩნდა ახალი იდეების განსახორციელებლად.
„პანდემიის გამო, მომხმარებელი უფრო მეტად არის ჩართული სოციალურ აქტივობაში. ჩვენი სამკაულები უცხო და საინტერესო აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, რაც მთავარია ანალოგი არ აქვს ქართულ ბაზარზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი აქსესუარები არის ეკოლოგიურად სუფთა და გამოირჩევა თავისი ინდივიდუალიზმით. დაინტერესება დიდია და უკვე გვყავს ბევრი საყვარელი მომხმარებელიც. ვფიქრობ, მოლოდინმაც გაამართლა.
თავიდან დავიწყეთ ბეჭდებით, თუმცა მხოლოდ ამაზე არ ვაპირებდით გაჩერებას. დავამატეთ საყურეები და ყელსაბამები, რომელსაც მალე შევთავაზებთ მომხმარებელს. ხის მასალის გარდა, ვიყენებთ მეტალსაც. ვფიქრობ, ხის და ვერცხლის შერწყმა საოცრად ეფექტური და უცხო გამოვიდა. ასევე თითოეული საყურე დამზადებულია ვერცხლის ყუნწით,“ – აღნიშნავს ლანო შარაშენიძე.
Lᴀɴᴏᴋɪ –ის სამკაულის შეძენა შესაძლებელია, როგორც ონლაინ, ასევე მდებარეობს ირაკლი აბაშიძის 50 ნომერში მდებარე Sʜᴏᴏᴡʀᴏᴏᴍ–ში. სამკაულის ძირითადი ფასი 30-70 ლარამდეა.
„Lᴀɴᴏᴋɪ–ს თითოელი სამკაული თავისი დიზაინით იხატება ფურცელზე, შემდეგ სპეციალური დანადგარით სასურველ ფორმაზე იჭრება. აღსანიშნავია, რომ თითოეული დეტალი არის ხელით შექმნილი და დამუშავებული. ზოგი რჩება ბუნებრივ ფერზე, ზოგიერთზე გამოყენებულია 100% ეკოლოგიურად სუფთა და ანტიალერგიული საღებავი. ნედლეული არის ქართული კაკლის ხე.
ეს მხოლოდ დასაწყისია, მალე აუცილებლად ბევრ ქვეყანას მოვიცავთ. სამომავლოდ ბევრი საინტერესო და განსხვავებული სამკაული ელოდება მომხმარებელს, იქნება ახალი მიმართულებები, თუმცა ძირითადი აქცენტი გვექნება ხეზე,“– ამბობს ლანო შარაშენიძე.