ექსპერიმენტული თამაშები ბავშვებისა და მოზარდებისთვის - სტარტაპი Atom Kids-ის გეგმები
სტარტაპი Atom Kids-ი, რომელმაც ცოტა ხნის წინ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა, ექსპერიმენტული თამაშების პოპულარიზაციას გეგმავს.
კომპანიის ფინანსური დირექტორის ანასტასია ასათინის თქმით, პროექტის მიზნია პოპულარიზაცია გაუწიოს ექსპერიმენტულ თამაშებს STEAM განათლების ფარგლებში, რაც გულისხმობს ისეთი დარგების ხელმისაწვდომობასა და შემეცნებას როგორიც არის მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია ხელოვნება და მათემატიკა.
აღნიშნული თამაშების საშუალებით სხვადასხვა ასაკის ბავშვები მარტივად, თამაშით შეძლებენ, სახლის პირობებში, ჩაატარონ ექსპერიმენტები და გაიგონ სამყაროს რთული მოვლენები.
“100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის შედეგად იგეგმება ახალი ექსპერიმენტული ნაკრებების შექმნა STEAM-ის სხვადასხვა დარგებიდან, ასევე ვირტუალური პლატფორმის დამატება, რომელიც სრულად იქნება მორგებული ჩვენი ექსპერიმენტული კიტების სწავლების შედეგებზე. სტარტაპის მთავარი მიზანია ბავშვებს და მოზარდებს გაუღვივოს ინტერესი STEAM დარგებისადმი, ადრეულ ასაკში შეაყვაროს მეცნიერება და გაუძლიეროს სამყაროს შემეცნების სურვილი.
ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზე იყიდება Atom kids-ის ექსპერიმენტული ნაკრებები. დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყანასთან და მიწვეულები ვართ რამდენიმე საერთაშორისო STEAM გამოფენაზე. მომავალი წლიდან ვგეგმავთ რეგიონალურ ბაზარზე გასვლას,”- აღნიშნავს ანასტასია ასათიანი.
ამ ეტაპზე Atom kids-ის პორტფოლიოს წარმოადგენს ექსპერიმენტული კიტები, მათ შორისაა: "მოლეკულები", "დნმ ექსტრაქცია", "მხიარული ქაფი", "მფრინავი ბუშტი", "3D პლანეტები". "ვულკანი", "ჰიგიენის ლაბორატორია" "კონტინენტები და ცხოველები" პროდუქცია განკუთვნილია 3-12 წლის ბავშვებისთვის. ექსპერიმენტები შექმნილია მეცნიერებისა და ფსიქოლოგებისგან დაკომპლექტებული RD გუნდის მიერ, ბავშვის განვითარებისა და ინტერესების შესაბამისად. არის სრულიად უსაფრთხო და მოყვება ექსპერიმენტის ჩასატარებელი ყველა ატრიბუტი.
“გვაქვს საწარმო, სოფელ ნატახტარში, სადაც ხდება ყველა ხსნარისა და ნივთიერების დამზადება, დასტიკერება და შეფუთვა, წარმოება კი შეესაბამება უსაფრთხოების სტანდარტებს.
ჩვენი კვლევების მიზანია, მივყვეთ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს და რაც შეიძლება მეტი საინტერესო ექსპერიმენტი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შედეგად საშუალება მოგვეცა, წარგვედგინა ჩვენი კომპანია უცხოელი წამყვანი venture ინვესტორების წინაშე, რამაც დიდი გამოცდილება მოგვცა. მივიღეთ საინტერესო რჩევები საინვესტიციო კომიტეტისგან, რასაც აუცილებლად გავითვალისწინებთ ჩვენი შემდეგი ნაბიჯებისთის,” - ამბობს სტარტაპის ფინანსური დირექტორი.
კომპანია საქართველოს ბაზარზე 2 წელია რაც გამოჩნდა. ამ პერიოდში განხორციელებული ინვესტიცია არის 150 000 ლარი,
ვინაიდან სტარტაპი steam დარგების პოპულარიზაციას უწყობს ხელს, და steam დარგები მუდვმივად ვითარდება, კომპანიაც მუდმივად განვითარების პროცესში იქნება.
შეგახსენებთ, რომ GITA–მ მსოფლიო ბანკის პროექტის "ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ნოემბერს მეექვსედ გამოაცხადა. 303 განაცხადიდან 20 გამარჯებული კომპანია საინვესტიციო კომიტეტმა დაასახელა.