ბუნებრივი ყვავილებით შექმნილი აქსესუარები – როგორია სტარტაპის LaniaC გეგმები
LaniaC ხელნაკეთი საჩუქრების ონლაინ მაღაზიაა, რომელიც მომხმარებლებს განსხვავებულ, ორიგინალურ და მხოლოდ ერთ ეგზემპლარად დამზადებულ აქსესუარებსა და დეკორატიულ ნივთებს სთავაზობს.
ლანა ხოხობაშვილმა საქმიანობა 1 წლის წინ საკუთარ სახლში მოწყობილ სახელოსნოში დაიწყო და უკვე რამდენიმე სახის პროდუქტს, სახელის ინიციალებს, ყელსაბამებს, დეკორატიულ სარკეებს, სადგამებს და სხვა ნივთებს ამზადებს.
"LaniaC–ის პროდუქცია გამოირჩევა ბუნებრივი ყვავილებით, რომელიც ჩაყოლებულია ნამუშევრებში. თითოეულ მომხმარებელს საშუალება აქვს საკუთარი გემოვნებით შექმნას სასურველი დიზაინის აქსესუარი. სამომავლოდ კი ვგეგმავ პროდუქციის გამრავალფეროვნებას და უფრო მეტად ფუნქციური და დეკორატიული ნივთების შექმნას.
აქსესუარებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით დღესასწაულებზე. იქედან გამომდინარე, რომ მხოლოდ მე ვმუშაობ და ყველაფერის გაკეთება ჩემი ხელით მიწევს ზოგჯერ დიდი მოთხოვნის გამო, ფიზიკურად ვერ ვასწრებ შეკვეთების დამზადებას," – ამბობს ლანა ხოხობაშვილი.
ამ ეტაპზე აქსესუარების შეკვეთა და შეძენა ხდება ონლაინ FB გვერდის საშუალებით, ფასები კი 10–30 ლარამდე მერყეობს. თითოეულის დამზადებას 4 დღე სჭირდება.
LaniaC–ის დამფუძნებლის თქმით, ბრენდის განვითარებისთვის მომავალში საგრანტო კონკურსებში მონაწილეობასაც გეგმავს.