Abigael – პანდემიის დროს შექმნილი დეკორატიული სანთლების ქართული ბრენდი
Abigael-ი მომხმარებლებს საქართველოში დამზადებულ ორიგინალურ დეკორატიულ სანთლებს სთავაზობს.
თინათინ სიხარულიძეს ბიზნესის დაწყების იდეა პანდემიის პერიოდში გაუჩნდა და დაახლოებით 2 თვეა რაც Abigael-ის სანთლები ბაზარზე წარმატებით იყიდება. მისი თქმით, რთული პერიოდის მიუხედავად, ახალმა წამოწყებამ გაამართლა.
“Abigael-ის სანთლები არის ეკოლოგიურად სუფთა და ჰიგიენის ნორმების დაცვით, ანტიალერგიული პროდუქციით იქმნება. სანთლის ფორმებს, არომატებს და ფერებს ვიწერ სხვადასხვა ქვეყნიდან, ხოლო პარაფინს საქართველოში ვყიდულობ. ამას გარდა, ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილს და ინდივიდუალურ შეკვეთებზეც ვმუშაობთ. რაც შეეხება კორპორატიულ შეკვეთებს, რადგან პანდემიის გამო საზოგადოებრივი შეკრებები აკრძალულია, ღონისძიებებისთვის შეკვეთები არ გვაქვს, თუმცა სამომავლოდ, იმედი გვაქვს ამ მხრივ მოვახდენთ ბაზარზე პოზიციონირებას.
იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე ჯერ ახალი კომპანია ვართ, ვეძებთ სხვადასხვა გზებს რომ ჩვენი შექმნილი პროდუქტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიტანოთ, ასევე მოვიძიოთ პარტნიორები საქართველოში. ამჟამად პროდუქციის რეალიზაცია მიმდინარეობს ონლაინ Facebook და Instagram პლატფორმების მეშვეობით," – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.
კომპანია სამომავლოდ გაფართოებას და სხვადასხვა ხელნაკეთი აქსესუარის დამატებასაც გეგმავს. ასევე, სხვადასხვა სასაუჩქრე ნაკრების შექმნას, რომელიც მისაღები იქნება ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის.
„ბაზარზე დეკორატიულ სანთლებზე მოთხოვნა მაღალია, ამიტომ ჩვენი მიზანია უფრო მეტმა ადამიანმა გაგვიცნოს, როგორც ქართული, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ბრენდი. პროექტი კერძო ინვესტიციით, ოჯახის პირადი დანაზოგით განვახორციელე. ბრენდის განვითარებისთვის, სამომავლოდ საგრანტო კონკურსში მონაწილეობასაც ვგეგმავ,“ –ამბობს თინათინ სიხარულიძე.