სოფლის მეურნეობა
17/02/2021

"წერტიმ" რძის პროდუქტების წარმოება დაიწყო

აგროპროდუქტების ბრენდმა "წერტი" ბაზარზე უკვე რძის პროდუქტებიც გამოიტანა.

გასული წლის ბოლოს, პანდემიის მიუხედავად, "წერტი" გაფართოვდა და მეორე ფილიალი ყაზბეგის გამზირზე #15-ში გაიხსნა, სწორედ აქ განთავსდა კაფე და რძის საწარმო.

„წერტის“ დამფუძნებლის ბექა გონაშვილის თქმით, რძის პროდუქტების წარმოების პროცესი უკვე 1 კვირაა რაც დაიწო.

„დახლოებით 1 ტონა რძის გადავამუშავებთ, ხაზის წარმადობა 1.5 ტონაა, ასე რომ ფაქტობრივად 70% დატვირთვით ვმუშაობთ. „წერტში“ მზადდება სულგუნი, იმერული ყველი, კარაქი და ა.შ. წარმოების პროცესი გამჭირვალეა ნებისმიერი მომხმარებლისთვის. ჩვენი საქმიანაობა დაკავშირებულია ფერმერულ მეურნეობებთან. გვყავს ფერმერები, რომელსაც ვემსახურებით საკვებით და სხვადასხვა სერვისით, სწორედ მათგან ვიღებთ ნედლ რძესაც. ძირითადად ვთანამშრომლობთ ახმეტაში მდებარე საწარმოსთან, რომელიც რამდენიმე წელია ჩვენი პარტნიორია.

რაც შეეხება კაფის გახსნას, ყველაფერი მზად არის სტუმრების მისაღებად, უბრალოდ დამოკიდებული ვართ პანდემიურ სიტუაციაზე, რადგან ღია სივრცე არ გვაქვს. ჯერ მეორე ობიექტის სრულად დატვირთვას ვგეგმავთ, 2021 წელსაც ძირითადად ჩვენი პროდუქტების, სერვისების და სფეროების გაფართოების მიმართულებით ვიმუშავებთ,“– აღნიშნავს ბექა გონაშვილი.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 700 ათასი ლარი იყო, რომელიც საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, ფულადი რესურსის მოზიდვით, განხორციელდა.

ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, ასევე სოფლის პროდუქტების პირველი მაღაზია "წერტი" კომპანია "აგროქიზიყმა" 2019 წლის ზაფხულში გახსნა.