სოფლის მეურნეობა
01/11/2023

წელს საქართველო 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდება

წელს საქართველო 55 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდება. აჭარის რეგიონში მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ციტრუსის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა ირაკლი ონიანმა განუცხადა, რეგიონში ციტრუსს 20-მდე ჩამბარებელი პუნქტი ჩაიბარებს და საექსპორტოდ მოამზადებს.

ე.წ. არასტანდარტული მანდარინის ჩასაბარებლად, კი ქობულეთში გადამამუშავებელი საწარმო იმუშავებს, რომელიც სახელმწიფოსთან შეთანხმებით, არასტანდარტულ მანდარინს ჩაიბარებს და კონცენრატის სახით გადაამუშავებს.

„მოსავლის დაახლოებით 80% გავა ექსპორტზე, 10-15% კი გადამუშავდება. საუბარია, ისეთი მანდარინის გადამუშავებაზე, რომელიც არის დაზიანებული და პატარა ზომის ნაყოფები.

მობილიზებულია „ჯიემ ჯგუფის“ წვენების ქარხანა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რომელიც გადასამუშავებელ მანდარინს შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს. თვის დასაწყისიდანვე, ქარხანაში საწარმოო მანდარინის მიმღები პუნქტი გაიხსნება და პროდუქციის არსებობს შემთხვევაში, ჩაბარება დაიწყება“ - აცხადებს ირაკლი ონიანი „ბიზნესპარტნიორთან“.

რაც შეეხება სუბსიდირების თანხის ზრდას, მისი განმარტებით, სუბსიდირების გაზრდა სხვადასხვა საწარმოო პროცესების გაძვირების გამო გადაწყდა.

„გაძვირებულია როგორც ლოგისტიკური მიმართულება, ასევე მუშახელი. ეს ყველაფერი ერთობლიობაში აძვირებს პროცესებს. სუბსიდირების გაზრდით, შესაძლებლია, როგორც საწარმომ, ასევე ფერმერმა იხეიროს და ის ციტრუსი, რომელიც ხეზე რჩებოდა, მოიკრიფოს“ - ამბობს ირაკლი ონიანი.

წელს, სახელმწიფომ მანდარინის სუბსიდირების ფასი გაზარდა. თუკი გასულ წლებში არასტანდარტული მანდარინის ჩაბარების ფასი 20 თეთრი იყო - სადაც 15 თეთრს სახელმწიფო იხდიდა, ხოლო 5 თეთრს საწარმო, ახლა ეს ფასი 30 თეთრია. სახელმწიფო სუბსიდიის ღირებულება 25 თეთრს შეადგენს, საწარმოს ჩართულობა კი - 5 თეთრს.

გასულ წელს საქართვლოდან 36 ათასი ტონა - 21 მლნ დოლარამდე ღირებულების ციტრუსი გავიდა ექსპორტზე. ციტრუსიდან საექსპორტო შემოსავალი 21 წელს 30 მლნ დოლარი (58 ათასი ტონა), ხოლო 2020 წელს 27 მლნ დოლარი (53 ათასი ტონა) იყო.

ძირითადი საექსპორტო ბაზრები ე.წ. ტრადიციული ბაზრებია - რუსეთი, ბოლორუსი, უკრაინა და შუა აზიის ქვეყნები.

 

Businesspartner