თხილის მოვლის საშუალებების შესაძენად ფერმერებისთვის ჰექტარზე ₾500 გამოიყოფა
მიმდინარე წელს თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში, ერთი ფერმერისთვის ჰექტარზე 500 ლარია გამოყოფილი.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განმარტებით, ეს თანხა სრულად, მოსავლის მოვლის საშუალებების შესაძენად უნდა მეიმართოს.
„თხილის სექტორის განვითარებისთვის სახელმწიფო ათეულობით მილიონ ლარს ხარჯავს. მიმდინარე წელს, ახალი პროექტის ფარგლებში, დაახლოებით, 20 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული, რომელიც მეთხილე ფერმერებისთვის ჰექტარზე 500 ლარის გამოყოფას გულისხმობს და სრულად თხილის მოვლის საშუალებებზე უნდა დაიხარჯოს. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ბაზარი უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი პესტიციდებით და სასუქებით“, - აღნიშავს გიორგი ხანიშვილი.
თხილის წარმოების ხელშეწყობისა და სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთვებიან პესტიციდების და აგროქიმიკატების რეალიზატორი ის ობიექტები, რომლებიც აკმაყოფილებენ დადგენილ სტანდარტებს და აქვთ მინიჭებული სურსათის ეროვნული სააგენტოს აღიარება. სააგენტოში ამბობენ, რომ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხთან შესაბამისობა მკაცრად გაკონტროლდება.