სოფლის მეურნეობა
20/10/2022

"ტირიფონის ბაღები" მოსავლიანობას აგრონომების სიმცირის გამო ვერ ზრდის

გორის რაიონში, სოფელ კვარხეთში, "ტირიფონის ბაღები” კვალიფიციური აგრონომების სიმცირის გამო ვერც მოსავლიანობას ზრდის და პროდუქცია ვერც ექსპორტზე გააქვს. 

როგორც  კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ გოჯიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, გორში 37 ჰა-ზე გაშენებულ ბაღებში 31 ჰექტარზე ვაშლისა და მსხლის თანამედროვე ჯიშებია დარგული, ხოლო 6 ჰექტარზე - ქლიავი. ეს უკანასაკნელი კი პრაქტიკულად შემოსავალს არ ტოვებს.  ჯამში „ტირიფონის ბაღები“ 67 ჰა მიწას ფლობს.  ბაღებში, ჯამურად 9  მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. 

„წელს 1კგ ქლიავი 20 თეთრად გავყიდეთ, ამან რა შემოსავალი უნდა მოიტანოს? გვაქვს ასევე შინდის ნარგავებიც, თუმცა, მოსავალი ჯერ არ მიგვიღია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ ქლიავის კულტურა შევინარჩუნოთ, რადგან მისი ამოძირკვაც ხარჯი იქნება კომპანიისთვის. თუ ყველაფერი კარგად იქნა, შეიძლება გადამამუშავებელი ქარხანა ავაშენოთ და ჩვენივე წარმოებაში გამოვიყენოთ,“-აცხადებს გოჯიაშვილი.

მისი განცხადებით, „ტირიფონის ბაღების“ გაშენებიდან 5 წელში კომპანიას რა რაოდენობის მოსავალიც უნდა მიეღო, ვერ შესრულდა. მიზეზი კი არაკვალიფიციური კადრია, რაც პირდაპირპროპორციულად ისახება მოსავლიანობასა და კომპანიის შემოსავალზე.

„საწყის ეტაპზე ვიცოდით, რომ  გაშენებიდან 5 წლის შემდეგ ის ჯიშები და ის ტექნოლოგია რაც ჩვენ დანერგილი გვაქვს ბაღებში, წლიურად 70 ტონა (1  ჰა-ზე)  ხილს მოგვცემდა, ამ შედეგებს ვერ მივაღწიეთ. დიდი ალბათობით ვერ ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რაც გვქონდა,მიზეზიც ალბათ ეს არის“- აცხადებს გოჯიაშვილი.

მისი ინფორმაციით,სავარაუდო გამოსავალი იტალიელი  აგრონომია, რომლის ჩამოყვანასაც კომპანია განიხილავს. „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ დღესდღეობით კომპანიას 1 კვალიფიციური აგრონომიც კი არ ჰყავს.

“ტექნოლოგია, რომლითაც ჩვენ ბაღები გავაშენეთ, საკმაოდ ახალია. შესაბამისად, ვერ ვნახეთ შესაბამისი კადრი, ვინც თავს გაართმევდა. ვნახეთ იტალიელი,რომელიც უახლოეს მომავალში პენსიაში უნდა გავიდეს. შესაძლოა ეს ადამიანი დავითანხმოთ, რომ ჩამოვიდეს, აქვე დაატრენინგოს ხალხი და მივაღწიოთ იმ შედეგს რაც გვინდა,“-აცხადებს გოჯიაშვილი.

კითხვაზე,რატომ არ იყო წინასწარ გათვლილი კომპანიაში აღნიშნული საკითხი, „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელი განმარტავს, რომ საშუალომოსავლიანებაზე  გასვლა ადვილი არ აღმოჩნდა.

 მიმდინარე წელს კომპანია დაახლოებით 900 ტონა ვაშლის მოსავალს ელოდება. ყველაზე მეტი მოსავალის მიღება  2020 წელს  (1183 ტონა) მოხერხდა.

ცნობისთვის, კომპანიამ ბაღების გაშენება 2014 წელს დაიწყო. "ტირიფონის ბაღებში" სტაბილურად 10  ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი მათი რიცხვი 50-მდე  ადის.

 

 

Businesspartner