სოფლის მეურნეობა
20/04/2023

ტექნიკის არარსებობა ნებისმიერი ზომის ფერმერულ მეურნეობას დიდ პრობლემას უქმნის

საქართველოში საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ფერმერებისთვის ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა. როგორც „აგრო სოლუშენსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ქვეყანაში რჩება მთელი რიგი სოფლები, რომლებშიც საჭირო ტექნიკა არ არის.

„საგაზაფხულო სამუშაოები ძირითადად დაკაშირებულია სწორედ ტექნიკასთან. თან საქმე იმაშია, რომ  ყველგან ერთი და იგივე დროს დგება მექანიზაციის საჭიროება.  მაგალითად, დასავლეთ საქართველოში ახლა დაწყებულია სიმინდისთვის ნიადაგის  მომზადება, ყველას უნდა რომ ნიადაგი მოამზადოს, მაგრამ რიგ სოფლებში ტექნიკა არ არის,  ან არის ერთი ცალი. არადა, სოფლის მეურნეობა კიდევ სხვა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის ამინდზე.“-აღნიშნა დიანა ბერიამ.

მისივე თქმით,  სასოფლო-სამეურნეო  ტექნიკის არარსებობა ნებისმიერი ზომის ფერმერულ მეურნეობას დიდ პრობლემას უქმნის.

„ამ კუთხით დიდი გამოწვევა რომ არის, ამას  ისიც ადასტურებს, რომ რა წამსაც დაანონსდებოდა ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა კატასტროფა ხდებოდა. ერთ საათში იწურებოდა პროგრამის ბიუჯეტი. ახლა როგორც ვიცი, მხოლოდ კოოპერატივებს შეუძლიათ თანადაფინანსების პროგრამაში მონაწილეობა და ეს ძალიან კარგია, რადგან  ხელს შეუწყობს  კოოპერაციას.  ქვეყანაში  ასეულობით კოოპერატივია დარეგისტრირებული, მაგრამ  რეალურად ძალიან ცოტა თუ ფუნქციონირებს. ფერმერები თანდათან გაიაზრებენ, რომ კოოპერატივებს გაცილებით მეტი ბენეფიტი აქვთ,  ვიდრე ცალკეულ ფერმერს.“-განმარტა დიანა ბერიამ.

მისივე თქმით, საგაზაფხულო სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის კიდევ ერთი და  მთავარი პრობლემა, მუშახელის დეფიციტია.

„კონკრეტულ სოფლებში რაოდენობრივად რომ ვერ იპოვი მუშახელს ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ როდესაც მსხვილ საინვესტიციო პროექტს ვეხებით, მუშახელი შეიძლება გყავდეს,  მაგრამ ბევრმა არ იცის როგორ შეასრულოს სხვადასხვა სახის ოპერაცია. იქნება ეს გასხვლა, მოვლა, მართვა თუ სხვა. შესაბამისად, კადრების დეფიციტთან ერთად ცოდნის ნაკლებობა გვაქვს.“-აღნიშნა დიანა ბერიამ.  

 

 

Businesspartner