"შირაქი" რძის ბაზრიდან გადის - პრობლემები მერძევეობის სექტორში
„შირაქი“, რომელიც ქვეყანას ყოველდღიურად 4-4.5 ტონა რძეს აწვდიდა და დარგის ერთერთი ძირითადი მოთამაშე იყო, ბაზრიდან გადის,“ - ამის შესახებ „მომავლის ფერმერის“ დამფუძნებელი აცხადებს.
რუსუდან გიგაშვილის განმარტებით, 400 სულიანი ჰოლშტეინის ჯიშის მერძეული ფერმიდან კომპანიის დირექტორი, ნიკოლოზ ბენიაიძე მხოლოდ 20-30 სულს იტოვებს, დანარჩენს ყიდის.
„მერძევეობის დარგში ცუდი ამბებია და თუ სიღრმისეულად არ მიეხედა, პროცესები შეუქცევად ხასიათს იღებს! მაღალპროდუქტიული ჯიშის მერძეული ფერმები ერთმანეთის მიყოლებით იკეტება, ან წარმოებას ანახევრებს.
ფერმერი ბოლო წლების განმავლობაში დარგში არსებულ კრიტიკულ საკითხებსა და მათი გადაჭრის აუცილებლობაზე, მერძევეობის გასაჭირებზე მუდმივად საუბრობდა, თუმცა, პრობლემები მაინც ვერ მოგვარდა და 8 მლნ ინვესტიციის სამწუხარო დასასრულიც ასეთია. საინტერესოა, რომ ამ 8 მლნ-დან 3 მლნ იაფი სესხის ფარგლებში გაღებული ინვესტიციაცაა. სახელმწიფო დანახარჯების ეფექტიანობა კიდევ ცალკე თემა და კვლევის საგანია. ბენიაიძის გარდა, სულადობის განახევრება მოუწია ფერმა „შტორსაც“ (მამუკა კობახიძესაც), ბაზარს აწვდიდა 3 ტონამდე. ერთი კვირის წინ დაიხურა „მწვანე რანჩოც“ (დღიური მიწოდება 1,5- 2 ტონამდე ქონდა).
გამძლეობა და წარმატება ყველა ფერმერს, რომელიც რძის სექტორში რჩება. სახელმწიფოს კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დროულად ჩაუღრმავდეს დარგის ყველა პრობლემას და მოქმედ ფერმებთან, კერძო სექტორთან ერთად იფიქროს გადაჭრის იმ გზებზე, რომლებიც მას ხელეწიფება და რომლებიც დარგის გადარჩენისთვის სასიცოცხლოა!“ - აღნიშნავს რუსუდან გიგაშვილი.