სექტემბრის ბოლოს საძოვრებს მეიჯარეები ეყოლება
საძოვრების ხელმისაწვდომობის პროგრამას ბენეფიციარები სექტემბრის ბოლოს, პროგრამის დამტკიცებიდან თითქმის ერთი წლის თავზე ეყოლება. ამ დროისათვის, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარით აღების სურვილი 300-მდე ფერმერსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს აქვს გამოხატული.
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის აუქციონზე იჯარის წესით გასაცემად მთელი საქართველოს მასშტაბით 136 ათასი ჰექტარი საძოვრად ვარგისი მიწაა იდენტიფიცირებული. აქედან 39 ათასი ჰექტარი საძოვარი უკვე გამოქვეყნებულია იჯარით გასაცემად.
„აღსანიშნავია, რომ 7 ათას ჰექტარზე ერთზე მეტი მსურველი არ დაფიქსირებულა და შესაბამისად აუქციონის გამართვა არ იქნება საჭირო, დანარჩენზე ki ქონების ეროვნული სააგენტო აუქციონს ჩაატარებს. საკმაოდ ბევრი ეტაპის გავლაა საჭირო იმისათვის რომ საძოვრად ვარგისი მიწა აუქციონზე გავიდეს და ფერმერმა მისის იჯარით აღება შეძლოს. პირველ რიგში ხდება საძოვრების იდენტიფიცირება და შემდეგ მისი კატეგორიის განსაზღვრა. მხოლოდ ამ პროცედურების შემდეგ გადის მიწა აუქციონზე. გასათვალისწინებელია, რომ ამოქმედდა ერთგვარი ჩამკეტი მექანიზმი. საძოვრების ხელმისაწვდომობის პროგრამაში ვერ ჩაერთვება ისეთი ფერმერი რომელსაც არ ჰყავს მსხვილფეხა ან წვრილფეხა პირუტყვი,“ - აღნიშნავს გიორგი მიშელაძე.
რაც შეეხება ღირებულებას, აუქცინის გარეშე საძოვრის საწყისი იჯარის ფასი ერთ ჰექტარზე 15 ლარს შეადგენს. ახმეტისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ღირებულება რვა ლარია. აუქციონის შემთხვევაში კი ფასი 15 ლარიდან იწყება, საბოლოო ღირებულებას კი აუქციონის მონაწილეები დააფიქსირებენ.
საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის ოქტომბერში დამტკიცდა.