სოფლის მეურნეობა
25/08/2023

"სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 44 000 ჰა-ზე მეტი ფართობი თხილის ბაღებია აღრიცხული"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ, თხილის მწარმოებელთა ხელშემწყობი  სახელმწიფო პროექტის შედეგებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში აღრიცხულია დაახლოებით 44 000 ჰა-ზე მეტი ფართობი თხილის ბაღები. სახელმწიფოს მხრიდან ფერმერებმა 20 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დახმარება მიიღეს. აგროვადების დაცვით მოვლილ ბაღებში გაზრდილია მოსავლის რაოდენობა და მაღალია ხარისხი.

„ჩვენი ქვეყნისთვის თხილი ერთ-ერთი პრიორიტეტული კულტურაა. შესაბამისად, უშუალოდ ამ მიმართულებით, ფერმერების დასახმარებლად არაერთი მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმწიფო პროგრამა, რომელიც შარშან დაიწყო და რომლის ფარგლებში,  ყველა ფერმერს, ვისაც  სამ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე აქვს გაშენებული თხილის კულტურა, ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით,  მიზნობრივად გაეწია დახმარება 500 ლარის ოდენობით.  ამ თანხით, სპეციალიზებულ მაღაზიებში, ფერმერებს შეეძლოთ თხილის მოყვანისა და მოვლისთვის შესაბამისი  საშუალებების შეძენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თანადგომა იყო სახელმწოფოს მხრიდან. ეს თანხა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ სწორად და ეფექტიანად წარიმართოს თხილის კულტურის მოვლა. თხილი, ისევე როგორც სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები, საჭიროებს მოვლის სწორ ღონისძიებებს, რათა მივიღოთ მოსავლის სათანადო ხარისხი და შესაბამისი პროდუქტიულობა. შედეგები უკვე აშკარაა - წლევანდელი მოსავალი გამოირჩევა ხარისხით და პროდუქტიულობით, ამას დავინახავთ ყველა. ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან უშუალოდ თხილის მწარმოებელ ფერმერებზე გაწეულმა დახმარებამ შედეგი გამოიღო. ამ მხარდაჭერის გათვალისწინებით, ძალიან კარგ მოსავალს ველოდებით“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძე.

„ნებისმიერი თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა ახალი არ არის. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ გარკვეული ტიპის სპეკულაციებზე აყოლა უადგილოა. ჩვენ გვაქვს წარმატებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც უპრეცედენტო დახმარება გაეწია მეთხილეობის დარგს.  ფერმერებს საშუალება ჰქონდათ, შეეძინათ შესაბამისი საშუალებები თხილის მოვლისა და მოყვანისთვის, რაც მათმა უმეტესობამ  გამოიყენა და მიიღო მეტი მოსავალი, ვიდრე წინა წლებში. ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, ხარისხიან თხილის რეალიზების პრობლემა არ არსებობს“, - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

Businesspartner