საქართველოში მაყვლის ცუკატების წარმოება და ექსპორტზე გატანა იგეგმება
საქართველოში მაყვლის ცუკატების წარმოება და მისი ექსპორტზე გატანა იგეგმება. კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია სატესტო ნიმუშებს გალფის ქვეყნების წარმომადგენლებს მიმდინარე კვირაში წარუდგენს.
გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ახალი პროდუქტი ქართველ მცირე მეწარმეებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის.
„ცუკატების დამზადება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. პირველ ეტაპზე სატესტოდ მცირე ოდენობა გვაქვს წარმოებული. იმ შემთხვევაში თუ პარტნიორების დაინტერესება იქნება, სხვადასხვა სახის ცუკატების წარმოების რესურსი არსებობს.“ - იზოლდა ქიტესაშვილი
მუშაობა დაწყებულია მომდევნო წელს ნედლი პროდუქციის ექსპორტის თაობაზეც. როგორც ასოციაციაში განმარტავენ, მეზობელი ქვეყნებიდან კენკრის სხვადასხვა სახეობის შეძენის მზაობა არსებობს თუმცა საჭირო ხარისხობრივი მაჩვენებლების მიღწევას ქართველი ფერმერები ვერ ახერხებენ.
„არ გვაქვს ისეთი ჯიშები და ხარისხი, რომელიც ტრანსპორტირებას გაუძლებს. ამიტომ ასოციაცია მუშაობს სხვადასხვა პროგრამაზე რათა ფერმერებთან მუშაობის საფუძველზე შესაბამის ხარისხობრივ მაჩვენებლებს მივაღწიოთ. უკვე გადაწყდა, რომ დავიქირავებთ აგრონომებს, რომელიც ყველა ფერმერს შესაბამის დახმარებას გაუწევს,“ - ამბობს ასოციაციის თავმჯდომარე .
წელს ასოციაციამ მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე 8 ტონამდე მაყვალი გაიტანა. დაინტერესება არსებობდა ჟოლოზეც, თუმცა კენკრის საექსპორტოდ მომზადება ვერ მოხერხდა.