რატომ ვერ ვითარდება საქართველოში მეცხოველეობა და რატომ ძვირდება ხორცი
ბოლო წლებში, საქართველოში საქონლის სულადობის შემცირების ტენდენცია შეინიშნება. მთავრობის დადგენილებით, 2019 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოდან 140 კგ-ზე ნაკლები მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა. შეზღუდვამ გარკვეული შედეგი მოიტანა, თუმცა საქონლის ხორცი ქვეყანაში კვლავ დეფიციტურია. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი ზამთრის სეზონზეა, რადგან სწორედ ამ პერიოდში მატულობს საქონლის ხორცზე მოთხოვნა.
საქონლის ხორცის დეფიციტზე საუბრობენ თბილისში არსებული სასაკლაოების წარმომადგენლებიც. მათი თქმით, ქვეყანაში დასაკლავი საქონლის რაოდენობა მცირეა. კერძოდ, ცალკეულ სასაკლაობს, დღის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 სული საქონლის დაკვლა უწევთ, რაც დაბალი მაჩვენებელია.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე "ბიზნესპარტნიორთან" იმ პრობლემურ საკითხებს განიხილავს, რაც ქვეყანაში მეხორცული მიმართულების განვითარებას აფერხებს. ის ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ ქვეყანაში საძოვრების ათვისება ვერ ხერხდება.
"ამასთან, ფერმების სიმცირეა და ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ერთ-ერთი მიზეზია საძოვრების ნაკლებობა და დანაწევრებული მიწები, მეორე პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში ჯიშიანი საქონელი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ცოცხალი პირუტყვის ჯიშები გაუმჯობესდეს და სწრაფი შედეგი მივიღოთ. ამასთან ის ადამიანები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მხოლოდ ყველის და რძის მიღებით, ასევე მეხორცულ მიმართულებაზე უნდა გადაერთონ,“ - ამბობს ნინო ზამბახიძე.
მეცხოველეობის დარგში პრობლემებზე აგროსაკონსულტაციო კომპანიებიც. "აგრო სოლუშენს" წარმომადგენლების თქმით, მეცხოველეობის განვითარებისთვის ერთ-ერთი გზა კოოპერატივების ჩამოყალიბებაა. კერძოდ, კოოპერატიულ მეურნეობებში გაწევრიანებით, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი ჯიშები გამოიყვანონ, გაზარდონ წარმადობა და ხარისხიანი პროდუქტი აწარმოონ. თუმცა, კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ დარგში არსებული პრობლემები კომპლექსურია და საქართველოში მეცხოველეობა ვერ განვითარდება, თუ ფერმერებს სახელმწიფოსგან მხარდაჭერა არ ექნებათ.
"დღეს საქართველოს აგროსექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, მეცხოველეობა, არც თუ სახარბიელო მდგომარეობაშია. არ იქნება მართებული თუ ვიტყვით, რომ დღეს საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა პრობლემა. მთავარი პრობლემა არის საკმარისი ცოდნის მქონე კადრების ნაკლებობა. წლების განმავლობაში, ვეტერინარიის პროფესია არ იყო "პოპულარული“. საჭიროა ახალგაზრდა კადრების მოძიება და მათი გადამზადება, რათა შეძლონ ბაზარზე გაზრდილ მოთხოვნებს ფეხი აუწყონ,“ - ამბობს დიანა ბერაია, "აგრო სოლუშენს“ ბიზნეს-მიმართულების ხელმძღვანელი.
ფოტო: timesofindia