სოფლის მეურნეობა
02/10/2020

პესტიციდების მოხმარების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია

აგროსაკონსულტაციო კომპანია "აგრო სოლუშენსმა" კლევა ჩაატარა, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში ვადაგასული პესტიციდებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის კუთხით.

კვლევის ავტორის, დიანა ბერაიას თქმით, კვლევამ 2 ძირითადი პრობლემა გამოკვეთა - ქვეყანაში ამოქმედებული კანონი "პესტიციდებისა და აგრიქიმიკატების შესახებ“ არაეფექტიანია,  ვინაიდან არ გააჩნია აღსრულების მექანიზმი. მეორე მხრივ, საქართველოში არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რითიც შესაძლებელი გახდება ვადაგასული პესტიციდების და აგროქიმიკატების  გაუვნებელყოფა.

"სასუქების და პესტიციდების გამოყენება დადებითად აისახება მოსავლიანობასა და ზოგადად სექტორზე, თუმცა ფერმერებისთვის უცხოა ის საშიშროება, რომელიც შესაძლოა ვადაგასული პესტიციდებისა და ქიმიური სასუქების არასწორმა მართვამ გამოიწვიოს. დღეისათვის ქვეყანაში მოქმედებს კანონი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“, სადაც დეტალურად არის განხილული პესტიციდებისა და აგრო-ქიმიკატების ეფექტური და უსაფრთხო მოხმარების საკითხები. კანონით გათვალისწინებული საკითხები ვადაგასული და აკრძალული პესტიციდების, მათი გაუვნებელყოფის მეთოდები და რეკომენდაციები შემუშავებულია FAO-ს მითითებების შესაბამისად, თუმცა კანონში არ არის ინფორმაცია, სად და როგორ უნდა მოხდეს ვადაგასული სასუქებისა და პესტიციდების მიტანა/ჩაბარება.  

გაურკვეველი მდგომარეობაა პესტიციდების გამოყენების კონტროლზე, შესაბამისად არ არსებობს ინფორმაცია არასწორი გამოყენებისა და მოხმარების შედეგად გამოწვეულ რისკებსა და ზარალებზე. იმისთვის, რომ ევროკომისიის რეგულაციებს დავუახლოვდეთ, არსებული კანონმდებლობა და რეგულაციები შესრულდეს და ზოგადად პრობლემა გადაიჭრას, უპირველესად საჭიროა ფერმერების ინფორმირება პესტიციდების არასწორი მართვის შედეგად გამოწვეულ საფრთხეებზე“ - ამბობს "აგრო სოლუშენს“ ბიზნეს-მიმართულების ხელმძღვანელი დიანა ბერაია.

აღსანიშნავია, რომ ფერმერების მიერ, ქიმიური ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებელი, ბოლო 5 წელში, თითქმის გაორმაგდა. ოფიციალური მონაცემებით, მოხმარებული პესტიციდების მაჩვენებელმა 2014 წელს 3081 ტონა შეადგინა, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 5400 ტონამდე გაიზარდა.  2017 წლიდან 2019 წლამდე, ქვეყანაში რეგისტრირებულია 846 პესტიციდი. 2020 წელს რეგისტრირებული პესტიციდების შესახებ მონაცემებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ამ ეტაპზე, არ ფლობს.

 

Businesspartner