სოფლის მეურნეობა
13/10/2023

ნიკო ნიკოლაძე: ნუშის წლევანდელი ადგილობრივი წარმოება, მოთხოვნას აჭარბებს

"ნუშის წლევანდელი ადგილობრივი წარმოება, ადგილობრივ მოთხოვნას აჭარბებს,"-ამის შესახებ გადაცემა "ბიზნეს პოსტთან"  ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის საბჭოს წევრმა, ნიკო ნიკოლაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ფერმერებს ნუშის მოსავალი ჯერ ბოლომდე არ აუღიათ, თუმცა,  ვარაუდია, რომ  მიმდინარე წელს ნაჭუჭიანი ნუშის 3 000 ტონამდე მოსავალი მოვა. 

როგორც ნიკოლაძე აღნიშნავს, ნუში საექსპორტო პროდუქტია, რომელიც უმეტესწილად ნაჭუჭით არ რეალიზდება.  შესაბამისად, ფერმერები ნუშის გულის ექსპორტზე არიან ორიენტირებული, რაც მიმდინარე წელს დაახლოებით 1000-1100 ტონა ნუშის გულს გულისხმობს.

"საქართველოში შეიძლება ითქვას, რომ ნუშზე მოთხოვნა არ არის, რადგან დიდი ხნის განმავლობაში ის ძვირადღირებულ პროდუქტად ითვლებოდა, რომელსაც ქართველი ხალხი ნაკლებად მოიხმარდა. ფასიც, მაღაზიებში რეალური საბაზრო ფასისაგან აცდენილი იყო, რაც კონკურენციის დაბალი მაჩვენებლით იყო განპირობებული. ახლა კი ფასი ქვემოთ წამოვიდა და რეალურ ფარგლებს უბრუნდება.

რაც შეეხება იმპორტს, ქვეყანაში ნუში ძირითადად ამერიკიდან, ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან და ესპანეთიდან შემოდის. დღეისთვის იმპორტირებული ნუშის რაოდენობაც შემცირებულია, რადგან იმპორტიორს ამ პროდუქტის ქვეყანაში შემოტანა აღარ უღირს და ადგილობრივი ნუშის დისტრიბუცია ურჩევნია,"-აცხადებს ნიკოლაძე.

მისივე ცნობით, ყველაზე მსხვილი ნუშის ბაზარი გერმანიაა, თუმცა ამ ქვეყანაში საქართველოდან 1 კილოგრამი ნუშის ექსპორტიც არ განხორციელებულა, რისი მიზეზიც მცირე მოცულობის წარმოებაა, შესაბამისად, მსხვილ გამყიდველ კომპანიებთან ქვეყანა კომუნიკაციას ვერ ამყარებს.

როგორც ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის საბჭოს წევრი განმარტავს, საერთაშორისო ბაზარზე ნუშის ფასთან მიმართებაში საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა. ამის მიზეზი კი საწყობში შენახული ნუშია, რომელიც აშშ-ში პანდემიის პერიოდში დაგროვდა. ნუშის შენახვის მაქსიმალური ვადა კი ორი წელია, რის შემდეგაც ის ვადაგასულად ითვლება. ამ ეტაპზე საწყობების დაცლის ხარჯზე პროდუქციის მინიმალურ ფასში რეალიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ნიკოლაძის თქმით, ქართველ ფერმერებს ამ რეალობის მიღება უჭირთ.

რაც შეეხება პროგნოზს, ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის საბჭოს წევრი აცხადებს, რომ 2024 წელს ნუშის წარმოების მოცულობების ზრდა იგეგმება.