ნატურალური პროდუქტები სოფლიდან - თბილისში "დოვლათის" პირველი მაღაზია გაიხსნება
23 წლის ოთო გურგენიძემ Covid-19-ის გამოწვევა შესაძლებლობად უკვე აქცია და პანდემიის პირობებში შექმნილი მისი ბიზნესი, ონლაინ მაღაზია "დოვლათი" მალე, მთელ საქართველოს მოიცავს.
მაღაზიის გახსნის იდეა პანდემიამდე ბევრად ადრე ჰქონდა, თუმცა არსებული გამოწვევების ფონზე მისმა იდეამ მოდიფიცირება განიცადა და შედეგიც უკეთესი მიიღო.
"მსურდა, თბილისში რამდენიმე მაღაზია გამეხსნა, სადაც მომხმარებლებს სოფლის ნატურალური პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა ექნებოდათ. ამ იდეის რეალობად ქცევა ვერ მოხერხდა, რადგან მარტში კორონავირუსმა ქვეყანაში პრობლემები შეიქმნა. პანდემია გამოწვევად მივიღე და მიუხედავად სრული პარალიზებისა, ოჯახთან ერთად დავიწყეთ ფიქრი რის გაკეთება შეგვეძლო იმ კრიზისულ ვითარებაში. ბიზნესი, მოგების გარეშე, ბიზნესი აღარ არ არის, მაგრამ იმ რთულ ვითარებაში, რომელსაც ქვეყანაში ამოქმედებული აკრძალვებიც დაემატა, ჩემმა ბიზნესიდეამ სხვა დატვირთვაც შეიძინა. გადავწყვიტე ისეთი სერვისი შემეთავაზებინა მომხმარებლისთვის, რომ სოფლის პროდუქციის შეძენა სახლიდან გაუსვლელად, დამატებითი ხარჯის გარეშე, შეძლებოდათ. ის კონცეფცია, რაც რეალურ მაღაზიაში უნდა გამეკეთებინა, გავაკეთე ონლაინ. ამისთვის გვჭირდებოდა საიტი, პიარი სოციალურ ქსელში, მაგრამ არც საოტს დაველოდე, არც პიარს. შევქმენით ფეისბუქზე ბიზნეს პროფილი “დოვლათი” და მეგობრის დახმარებით შევძელი სულ უფრო მეტ მომხმარებელს გაეგო "დოვლათის" შესახებ. პირველი შეკვეთა 14 აპრილს მივიტანეთ და იმავე დღეს 4 შეკვეთა გვქონდა", - ამბობს "ბიზნესპარტნიორთან" ოთო გურგენიძე.
ქვეყანაში კარანტინი 17 აპრილს გამოცხადდა და "დოვლათზე" შეკვეთების რაოდენობაც სწრაფად გაიზარდა. როგორც ოთო გურგენიძე ამბობს, კომპანია ყოველდღიურად 25-მდე შეკვეთას იღებდა და ცოტა ხანში მოთხოვნა იმდენად გაიზარდა, კომპანიის რესურსი საკმარისი აღარ იყო.
"ვერ ავუდიოდით შეკვეთებს. გვიწევდა მომხმარებლის განაწყენება, რადგან შეკვეთებს ზოგჯერ, მეორე დღეს ვასრულებდით. დავამატეთ 4 კურიერი და ამ თვალსაზრისით პრობლემები უკვე აღარ გვაქვს," - ამბობს ოთო გურგენიძე.
პანდემიის პირობებში, "დოვლათისთვის" ასევე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა სოფლის ნატურალური პროდუქტების მოძიება.
"მეგობართან ერთად დავდიოდით კახეთში და ოჯახ-ოჯახ ვეძებდით შესაფერის პროდუქტს. სოციალურ ქსელში, "დოვლათის" პროფილმა 1 კვირაში 7 000-ზე მეტი ლაიქი მოიპოვა და უკვე აქეთ ვიღებდით შეთავაზებებს ამა თუ იმ პროდუქტზე. რაც შეეხება მომსახურების ფასს, გამკაცრებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, მომხმარებლებს უფასოდ ემსახურებოდნენ ჩვენი კურიერები," - ამბობს "ბიზნესპარტნიორთან" ოთო გურგენიძე.
„დოვლათში“ ამჟამად 4 ადამიანი პროდუქციის დახარისხებას უზრუნველყოფს, დასაქმებულია 5 კურიერი, პროდუქციით მომარაგებაში 20 ოჯახზე მეტია ჩართული. პროდუქციის მოწოდების ძირითადი წყარო კახეთია, მწვანილების შემთხვევაში წამყვანი მარნეულია. უახლოეს მომავალში სხვა რეგიონების ჩართვაც იგეგმება, რაც დამატებითი სტიმული გახდება ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, რათა გაზარდონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება.
კომპანიამ გაზრდილი მოტთოვნის ფონზე, საკუთარი ვებ-გვერდიც გაუშვა და შეკვეთების გაკეთება უკვე საიტიდან არის შესაძლებელი.
"მომხმარებლის გაზრდილი რაოდენობიდან გამომდინარე, საქართველოს სრულად მოცვას ვგეგმავთ, ჩვენი პროდუქცია ახლა გაცილებით მრავალფეროვანია. დავამატეთ კომპოტები, სხვადასხვა სახის კონსერვი, ჩურჩხელა და სხვა პროდუქტი, რაც განსაკუთრებით მოთხოვნადია შემოდგომა-ზამთრის სეზონზე", - ამბობს გურგენიძე.
ახალ წლამდე კომპანია თბილისში "დოვლათის" პირველი მაღაზიის გახსნას გეგმავს და მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება სოფლის გამორჩეული პროდუქტები შეიძინოს. იგეგმება
ონლაინ-მაღაზიის განვითარებაც.