სოფლის მეურნეობა
25/02/2021

მსოფლიო  ბაზარზე ქართულ თაფლზე მოთხოვნა გაიზარდა

პანდემიის კრიზისიდან გამოწვეული ეკონომიკური აქვტოვობის შენელების მიუხედავად,  მეფუტკრეობის სექტორში მნიშვნელოვანი პროგრესია. ქართულ თაფლზე მოთხოვნა მსოფლიო  ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნულის გათვალისწინებით,  ექსპორტის მაჩვენებლები  4-ჯერ არის  გაზრდილი. 

ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს, საქართველოდან ჯამში 21  700 ტონა  თაფლი გავიდა ექსპორტზე, რაც 4-ჯერ აღემატება 2019 წლის მაჩვენებლებს.  ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებში (12.9 ტონა) და აშშ-ში (4.9 ტონა), ასევე, კანადაში (1.8 ტონა), ყატარში (1.2 ტონა).

2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 6-7-ჯერ არის გაზრდილი ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, მოთხოვნაა ასევე აშშ-სა  და  ყატარში. აღსანიშნავია, რომ ქართული თაფლის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, სახელმწიფომ  გააქტიურა თანამშრომლობა სხვადასხვა  ქვეყანასთან, ექსპორტისთვის საჭირო სერთიფიკატების  მოპოვებისთვის.  გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია  სპარსეთის  ყურის  ქვეყნებთან,  კანადასა და იაპონიასთან.  

მეფუტკრეობის სექტორში კიდევ ერთი სიახლე, ლაბორატორიულ  კვლევებს ეხება. წლების  განმავლობაში სექტორის  მთავარ  გამოწვევად ლაბორატორიული კვლევების კუთხით არსებული პრობლემები რჩებოდა, რაც თავის მხრივ პროდუქციის ექსპორტს აფერხებდა. ამჟამად კი, ამ პრობლემების დიდი ნაწილი გადაჭრილია.

სოფლის  მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი "ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე უკვე დანერგილია  თაფლის კვლევა 120-მდე პარამეტრზე.

"სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ უკვე მოახდინა ახალი კვლევების დანერგვა და მიიღო აკრედიტაცია. დღეისთვის უკვე დაგეგმილია თაფლის კვლევა 120 პარამეტრზე.  აქედან დიდი ნაწილი უკვე აკრედიტებულია. 13 კვლევაზე აკრედიტაციის მიღება უახლოეს პერიოდში იქნება შესაძლებელი.  მხოლოდ 30 პარამეტრი დარჩება, რომელიც რეფერენტული მეთოდით იქნება აკრედიტებული.  ლაბორატორიის შესაძლებლობების გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ამ კუთხით აღარ არსებობდეს ბარიერი სექტორის განვითარებისთვის,“ - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

უწყების ინფორმაციით, 2021 წელს დაგეგმილია ფუტკრის მოვლის თანამედროვე მიდგომების შესახებ გაიდლაინების შემუშავება, ფერმერთა ცოდნის ამაღლება, ფალსიფიკაციასთან ბრძოლა, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე ქართული თაფლის ცნობადობის გაზრდა და ახალ საექსპორტო აბზრებზე წვდომის მხარდაჭერა.

Businesspartner