მიწის სისტემური რეგისტრაცია ორ მუნიციპალიტეტში დასრულდა
საჯარო რეესტრმა მიწის აზომვითი სამუშაოები და საკუთრების უფლების რეგისტრაცია აბაშისა და კასპის მუნიციპალიტეტებში დაასრულა.
როგორც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავჯდომარის მოადგილემ, ვახტანგ ბოხაშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, უწყება ამჟამად სამტრედიის, სენაკისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებშია შესული და ადგილზე აზომვითი სამუშაოები მიმდინარეობს. რეფორმის დაწყებიდან დღემდე საჯარო რეესტრმა 240 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთის აზომვა დაასრულა.
„155 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთია უკვე რეგისტრირებული. დღის განმავლობაში საშუალოდ 1700-დან 2000-მდე მიწის ნაკვეთი იზომება. რეგისტრატორების მიერ სულ განიხილება 2 300 სარეგისტრაციო განცხადება. სისტემური რეგისტრაციის მიზნებისთვის დადგენილია კონკრეტული გეგმა-გრაფიკი. გათვალისწინებულია ყველა რეგიონის კლიმატური და გეოგრაფიული პირობები. დღეის მდგომარეობით, მივყვებით არსებულ გეგმას. არის საკმარისი ადამიანური რესურსი იმისთვის რომ ამოცანა შესრულდეს ვადაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე.“-აღნიშნა ვახტანგ ბოხაშვილმა.
მიწის სისტემური რეგისტრაცია 2022 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო. აზომვითი და სარეგისტრაციო საქმიანობა ჯამში 59 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროექტის ღირებულება 120 მილიონი ლარია.